ქვაბს ნამწვს ხალხური მეთოდებით ვაშორებ: 5 ეფექტური ხელმისაწვდომი საშუალება

969

ქვაბში მურაბა ჩამეწვა. სპილენძის ან უჟანგავი ფოლადის ქვაბები ნამწვისგან ლითონის საფხეკით მარტივად შეგიძლიათ გაწმინდოთ. აი, მინანქრის ქვაბზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ ზედმეტად არ დაზიანდეს და გადასაგდები არ გახდეს. უჟანგავი ფოლადის ახალი ქვაბიც ფრთხილად უნდა გარეცხოთ, თუ ნაკაწრების დამატება არ გსურთ. როგორ მოიქცეთ? Vivien გიზიარებთ ეფექტურ ხალხურ მეთოდებს, რომელთა დახმარებით ქვაბს მურაბის, რძის და ფაფის ნამწვს მარტივად მოაშორებთ.

  1. მარილი – თუ ქვაბში სუსტი ნამწვია, სუფრის მარილი გამოიყენეთ. ცხელი წყლით აავსეთ, 5-6 სუფრის კოვზი მარილი დაუმატეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. პროცესის დასაჩქარებლად სუსტ ცეცხლზე 30-40 წუთით დადგით. შემდეგ ღრუბლით და სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.
  2. სოდა – ქვაბი თბილი წყლით გაავსეთ და რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა დაუმატეთ (5 ს/კ 1 ლ წყალზე). 6-8 საათით გააჩერეთ, რომ ნამწვი დარბილდეს. შემდეგ ჩვეული საშუალებებით გარეცხეთ.
  3. ძმარი – ძმარი (ან ლიმონმჟავა) ნამწვს ეფექტურად აშორებს. ქვაბი წყლით გაავსეთ და ძმარი დაუმატეთ (1:5). სუსტ ცეცხლზე 20 წუთით დადგით, შემდეგ დარბილებული ნამწვი მოაშორეთ და გარეცხეთ.
  4. აქტივირებული ნახშირი – ფერფლი ჭურჭელს კარგად წმენდს. მის ნაცვლად აქტივირებული ნახშირი შეგიძლიათ გამოიყენოთ. 10 აბის ფხვნილი დაგჭირდებათ. ნამწვი ოდნავ დაასველეთ და ნახშირი მოაყარეთ. 30 წუთის შემდეგ ცოტა წყალი დაასხით და ისევ ნახევარი საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ღრუბლით და სარეცხი საშუალებით გარეცხეთ.
  5. კოკა–კოლა – გაზიანი სასმელი მიმწვარ საკვებს მარტივად გაუმკლავდება. კოკა–კოლაში ბევრი ფოსფორმჟავა შედის, ხოლო ნახშირორჟანგი კატალიზატორია. გაზიანი სასმელი ქვაბში ჩაასხით. 2–3 საათი გააჩერეთ. შემდეგ ქურაზე ნარევის ადუღებამდე დადგით. ასე ნამწვს პოროლონის ღრუბლით მარტივად მოაშორებთ.

მინანქრის ჭურჭელს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები არ მოსწონს, ვინაიდან ასე შეიძლება დაიბზაროს. დარტყმისგან დაიცავით.