ბაზარზე მრავალფეროვანი სასუქი და პესტიციდი იყიდება, მაგრამ თუ დრო და სურვილი არ გაქვთ მათში გაერკვიოთ, ჩვეული, არანაკლებ ეფექტური საშუალებები გამოიყენეთ. სოდა ბუნებრივი ანტისეპტიკია, ამიტომ საოჯახო საქმეში ფართოდ გამოიყენება. სოდა ბოსტანშიც გამოგადგებათ. მასზე დაფუძნებული ხსნარი ლოქორას, მწერებს და სხვა მავნებლებს მოგაშორებთ. სოდასთან ერთად მდოგვი და საფუარიც ეფექტურია. Vivien გიამბობთ, სად და როგორ გამოიყენოთ ნატურალური საშუალება კარგი მოსავლის მისაღებად.
სოდა ბოსტანში – სოდით ნებისმიერი კულტურა შეგიძლიათ დაამუშავოთ. ადამიანს და გარემოს ზიანს არ აყენებს. სოდის ხსნარი კიტრის, ყაბაყის, და გოგრის ფურცლებს ნაცროვან ნადებს აშორებს. ყურძენზე ლპობის მოსაშორებლად ან პრევენციისთვის სოდის ხსნარით 14 დღიანი ინტერვალით დაამუშავეთ.პომიდორი დარგვის შემდეგ სოდიანი წყლით მორწყეთ, რომ ფიტოფთოროზი თავიდან აიცილოთ. მებოსტნეები ირწმუნებიან, რომ ფიტოფთოროზის პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე პრობლემასთან გამკლავება. თუ კიტრის ფოთლები გაყვითლებას იწყებს, ფესვები კვირაში ერთხელ სოდის სუსტი ხსნარით მორწყეთ. 10 ლ წყალზე 1 ს/კ სოდა საკმარისია, რომ სიყვითლე თავიდან აიცილოთ.
მუხლუხები ბაღსა და ბოსტანში ყველა ნერგის გამანადგურებელია. ხეზე მუხლუხების მოსაშორებლად 1 ვედრო წყალს 5 ს/კ სოდა დაუმატეთ და ხის გვირგვინი დაამუშავეთ. პროცედურა 3 დღეში გაიმეორეთ, რომ ეფექტი გაძლიერდეს. კომბოსტოს მუხლუხი და ლოქორა სოდას ვერ იტანს, ამიტომ კომბოსტოს ფოთლები მშრალი სოდით დაპუდრეთ ან ლოქორას დაგროვების ადგილებსა და მთელი კვლების გასწვრივ დაყარეთ. ბუგრი, ცხვირგრძელა, ჭიანჭველა სოდიან კვლებს სწრაფად დატოვებენ.
მდოგვი მავნებლების წინააღმდეგ – ლოქორა მარწყვს, კომბოსტოს და პომიდორს არ ინდობს. მდოგვის ფხვნილი მშიერ მავნებლებს სწრაფად მოგაშორებთ. მდოგვი ბუგრების, ნაყოფჭამიას და სხვა მავნებლის წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ. 100 გ მდოგვის ფხვნილი 10 ლ მდუღარე წყალში გახსენით. 24 საათით გააჩერეთ, შემდეგ საპნის ხსნარი 1:1 თანაფარდობით დაუმატეთ.
მდოგვის წყლით ხეხილი და ბუჩქი 2 კვირაში ერთხელ შეგიძლიათ დანამოთ. ბოლოს მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე გამოიყენეთ. თუ კოლორადოს კარტოფილის ხაჭო თქვენს ბოსტანში გახშირდა, მდოგვი შეაჩერებს. გახსოვდეთ, რომ კოლორადოს ხოჭო მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებებს მალე ეჩვევა, ხოლო მდოგვი გამონაკლისი არაა. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიყენებიათ, დროა. 10 ლ წყალში 100 გ მდოგვის ფხვნილი და 50 გ სარეცხი საპონი გახსენით, 100 გ ძმარმჟავა დაუმატეთ და გადაწურეთ. კარტოფილი, ბადრიჯანი და პომიდორი დაამუშავეთ.
მდოგვის ფხვნილი სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან მიწის სტრუქტურას აუმჯობესებს, დეზინფექციას ახდენს და ამდიდრებს. მდოგვი მულჩის ფენასაც ქმნის და სარეველებს ზრდაში ხელს უშლის. ამ მიზნით მდოგვის თესლი რიგებს შორის 20 სმ, თესლებს შორის 10 სმ–ს დაშორებით დათესეთ. მდოგვის აღმონაცენი 5 დღეში გამოჩნდება. გაუმჯობესებულ მიწაზე მწვანე სასუქის გათიბვიდან 1–2 თვის შემდეგ შეგიძლიათ ძირითადი მოსავალი დარგოთ. ამავე მეთოდით შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ სათბურის მიწას შეგიძლიათ დეზინფექცია ჩაუტაროთ.
საფუარი გამოსაკვებად – პურის საფუარი ოთახის, დეკორატიული და ნაყოფიერი კულტურებისთვის შესაფერისია. ყველა მცენარე, კარტოფილის, ნივრის და ხახვის გარდა, საფუარით შეგიძლიათ გამოკვებოთ. ნერგის გამოსაკვებად 200 გ საფუარი 1 ლ წყალში გახსენით და რამდენიმე საათით დააყენეთ. მიღებული ნარევი 10 ლ წყალში გააზავეთ და ნერგი მორწყეთ.
პომიდორი საფუარით 3 ეტაპად გამოკვებეთ. დარგვიდან 1 კვირაში პომიდვრის კვლები საფუარის ხსნარით მორწყეთ. 100 გ საფუარი 10 ლ წყალში გახსენით და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. 2 საათში 50 ლ წყალში გააზავეთ და კვლები მორწყეთ. მეორედ ბუჩქების გაფესვიანების შემდეგ გამოკვებეთ. მესამედ – ყვავილობის წინ. საფუარით შეგიძლიათ გამოკვებოთ კიტრი, წიწაკა, მარწყვი, კომბოსტო და ყვავილები. საფუარის ხსნარი კალმების გაფესვიანებას ხელს უწყობს. კალამი ხსნარში 1 დღე გააჩერეთ, შემდეგ სუფთა წყალში გადაიტანეთ. ასე ვარდები, ასევე დეკორატიული და კენკროვანი ბუჩქები შეგიძლიათ გააფესვიანოთ.
რედაქციის რჩევა – ბოსტანი მავნებლებისგან ლამაზად შეგიძლიათ დაიცვათ. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ყვავილი მავნებლებს აფრთხობს. ნაკვეთზე გაზაფხულზე ხავერდა დარგეთ, რომ მწერები დააფრთხოთ. ასეთი ყვავილები კარგია მარწყვის, კიტრის და ხახვის გვერდით. ყვავილები დაგიცავთ ისეთი მავნებლებისგან, როგორიცაა ბუგრი, ქინქლი, ჭიანჭველა, მუხლუხი. გულყვითელა იგივე თვისებებს ფლობს და კენკრის და ბოსტნეულის გვერდით შეგიძლიათ დარგოთ. როგორ იცავთ ბოსტანს მავნებლებისგან?