კიტრის დამუშავება მარტივი, მაგრამ დელიკატური საკითხია. მთავარია, მისი ენა იცოდეთ და გესმოდეთ. ყველაფერი კარგადაა, თუ კიტრი წვნიანი და თანაბარია. გაღუნული კიტრი სიგნალს გაძლევთ, რომ მორწყვა დაგავიწყდათ. მსხლის ფორმის კიტრს კალიუმი აკლია. წელში დაწვრილებული კიტრი ცივი წყლით მორწყვის ან დამტვერვის ნაკლებობის ნიშანია. Vivien გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ, სანამ კიტრის მოყვანას გადაწყვეტთ.წვნიანი, ხრაშუნა და არომატული ბოსტნეულის გაზრდა ბევრ მეაგარაკეს უყვარს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორი პრეტენზიული და მომთხოვნია. მის გაზრდაში ბევრი რამე ხელს გვიშლის, ესაა სიცხე, ბუგრები, მეზობელი მცენარეები, ფიტოფთორა და სხვა. საზეპირო წესი: კიტრს სჭირდება კალიუმი ნაყოფიერების გასაზრდელად, აზოტი – მწვანე მასისთვის, ფოსფორი – ზრდისთვის. კალციუმი, ასევე შრატი და იოდიც არ უნდა დაგავიწყდეთ.
კიტრს გამოკვება და მორწყვის რეგულირება სჭირდება. ცივი წყლით არ მორწყათ. გირჩევთ, წყალი კასრში ააგროვოთ და გათბობა აცადოთ. რჩევა ჭის წყლის შემთხვევაში განსაკუთრებით უნდა გაითვალისწინოთ!კიტრის კვლებში ორივე მხრიდან ხავსი–სფაგნუმი დააგეთ. 10 სმ სიგანის ზოლები დაგჭირდებათ. ხავსი წყალს კარგად იწოვს და შემდეგ კვლებში მეზობლებს უწილადებს. ასე მორწყვას დაარეგულირებთ და ხავსის ბაქტერიციდული თვისებების დახმარებით უსიამოვნებებისგან დაიცავთ.
- 3-4 ფოთლის გამოჩენის შემდეგ კიტრის ნერგი იოდის, რძის და საპნის ხსნარით დაამუშავეთ. 1 ვედრო წყალს 30 წვეთი იოდი დაუმატეთ, 1 ლ რძე და 20 გ სარეცხი საპონი დაუმატეთ. ნარევი ყოველ 10 დღეში კიტრს შეასხურეთ.
- საშუალება რძის გარეშეც მზადდება. 1 ჩ/კ იოდი, 2–3 ს/კ სარეცხი საპნის სქელი ხსნარი და 1 ვედრო წყალი აურიეთ. 7–10 დღეში ერთხელ გამოიყენეთ. ფოთლები ყველა მხრიდან დაამუშავეთ. ასე კიტრის მოსავალს ყინვების დაწყებამდე, ხოლო წვიმის შემთხვევაში დღეში 3–ჯერ აიღებთ.
- კიტრი შეგიძლიათ მორწყათ და დანამოთ რძის შრატის ხსნარით. მის მოსამზადებლად 1 ლ შრატს 5 ლ წყალი დაუმატეთ.
- გამოგადგებათ შემდეგი საშუალება: პური ვედრო წყალში ჩაალბეთ, დილით პური დასრისეთ, 1 პატარა ბოთლი იოდი დაუმატეთ. 1 ვედრო წყალში გააზავეთ და კიტრს შეასხურეთ. დარჩენილი სითხე გრილ ადგილას შეინახეთ. 2 კვირაში ერთხელ დაამუშავეთ. კიტრი და მისი ფოჩები შემოდგომამდე მწვანე დარჩება!
- ბალახების ნაყენით მცენარის იმუნიტეტს გააძლიერებთ. ვედროში ჩაყარეთ დაქუცმაცებული აბზინდა, სამყურა, ლაშქარა, თივაქასრა, ჭინჭარი და სხვა. თბილი წყალი დაასხით და 3 დღე გააჩერეთ. შემდეგ გაფილტრეთ. 1 ლ ნარევი 1 ვედრო წყალში გახსენით და კიტრი დაამუშავეთ. 4-5 ბუჩქზე გეყოფათ.
კიტრი მცირე პორციებით, ნელ–ნელა, მაგრამ ხშირად გამოკვებეთ. ასე სასარგებლო ნივთიერებებს უკეთ აითვისებს. თხევადი სასუქი გამოიყენეთ და ფესვებთან მიაწოდეთ. მორწყვის ან წვიმის შემდეგ გამოკვებეთ. საღამო ან ღრუბლიანი ამინდი უნდა იყოს.კიტრი წარმატებულად რომ მოიყვანოთ, დაიცავით 4 წესი: კალციუმი, კალიუმი, აზოტი და ფოსფორი საკმარისად უნდა ჰქონდეს. მათი მიწოდების მეთოდებზე უკვე გიამბეთ.