მოცხარი ჟოლო არაა, რომელიც იქ გაფესვიანდება და გაიზრდება, სადაც ჩაარჭობთ. მოცხარი პრეტენზიული ქალია. თუ გსურთ, რომ ყოველწლიურად ახალი ყლორტები განავითაროს და მათთან ერთად ბევრი კენკრა მოგცეთ, დოპინგი მიაწოდეთ. Vivien გიამბობთ, რით გამოკვებოთ მოცხარი მაისში, რომ წლიდან წლამდე მდიდარი მოსავალი მიიღოთ. თუ ერთ–ერთი მთავარი პირობა შეასრულეთ, ანუ შემოდგომაზე ან ნაადრევ გაზაფხულზე გადაჭერით, მეორე ნაბიჯი უხვი მოსავლის მისაღებად გამოკვებაა.
როგორ გამოვკვებოთ მოცხარი მაისში – მოცხარის ბუჩქი მრავალწლიანია და სწორი მოვლის პირობებში ერთ ადგილზე 20 წელი იზრდება. გამოკვება მოვლის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან დროთა განმავლობაში ბუჩქის ქვეშ მიწა იფიტება. ამავდროულად, კენკრა პატარავდება, მოსავლის მოცულობა მცირდება, ბუჩქი ახალ ყლორტებს არ ავითარებს, ბერდება და კვდება.მომენტი არ გაუშვათ! პირველად მაშინ გამოკვებეთ, როცა მწვანე კვირტები აქტიურად ზრდას დაიწყებს. გამოდის, რომ ბუჩქის ფესვები მკვებავი ნივთიერებების მისაღებად მზადაა. მაისში გამოკვება ხელს უწყობს მწვანე კვირტების განვითარებას, რომლიდანაც მომდევნო სეზონებზე მოსავალს მიიღებთ.
როგორ მოვამზადოთ სასუქი მოცხარისთვის – სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ქათმის სკინტლი, მაღაზიაში გრანულირებული ან ნატურალური სახით საქათმედან. პროპორციები გამოყენებული სკინტლის სახეობაზეა დამოკიდებული.საქათმედან აღებული ქათმის სკინტლი მეოთხედი ათლიტრიანი ვედრო დაგჭირდებათ. დანარჩენი მოცულობა წყლით გაავსეთ. თავსახური დააფარეთ და 5-6 დღე დააყენეთ. დღეში ერთხელ ნაყენს აურიეთ, რომ ამიაკი მოაშოროთ. გრანულირებული ქათმის სკინტლი დაგჭირდებათ 1 ლ ქილა 10 ლ გაჩერებულ წყალზე. სრულ გახსნამდე აურიეთ. 2 საათში 10 ლ კონცენტრატი მზადაა. გრანულირებული სასუქის უპირატესობა ისა, რომ ზედმეტ ამიაკს არ შეიცავს. ბევრი რაოდენობის ნივთიერებამ ფესვების სისტემა შეიძლება დაწვას და მცენარე დააზიანოს. გასუფთავებული სკინტლით გამოკვების შემთხვევაში დიდხანს დაყენება საჭირო არაა. მოცხარის გამოსაკვებად 0,5 ლ მზა კონცენტრატს 10 ლ სუფთა წყალი დაუმატეთ და აურიეთ. მთელი ნარევი 1 დიდი ბუჩქის ქვეშ დაასხით.
მნიშვნელოვანია! თუ თქვენს რეგიონში წვიმა დიდხანს არ ყოფილა და მიწა გამომშრალია, გამოკვებამდე რამდენიმე საათით ადრე სუფთა წყლით მორწყეთ. ამის შემდეგ მცენარის ფესვები მკვებავ ნივთიერებებს ადვილად შეიწოვს.ქათმის სკინტლი აზოტით მდიდარია. ეს ნივთიერება მწვანე მასის სწრაფად ზრდას ხელს უწყობს. სკინტლში ხელმისაწვდომი ფორმის ფოსფორი და კალიუმი შედის, რომლებიც ფესვების ზრდას და ამით მთელი ბუჩქის უკეთ გამოკვებას ხელს უწყობენ.ახლა უკვე იცით, როგორ გამოკვებოთ მოცხარი მაისში, ყვავილობამდე. ქათმის სკინტლით მეორედ ყვავილობის შემდეგ, კენკრის ფორმირების მოკლე პერიოდში შეგიძლიათ გამოკვებოთ. მომენტი არ გამოგრჩეთ. წარმატებას და მდიდარ მოსავალს გისურვებთ!