6 ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რატომ არ ყვავის იორდასალამი

759

აგარაკზე იორდასალამის დარგვის სურვილი თავიდან არ მქონდა. მეგონა, რომ ვარდი ნაკვეთს უფრო ამშვენებს, მაგრამ როცა მეზობლის ეზოში ეს აყვავებული დიდებულება ვნახე, გული ამიფანცქალდა. მაღაზიაში გავიქეცი და სხვადასხვა სახეობის და შეფერილობის იორდასალამი შევიძინე. მკაცრმა რეალობამ ფერადი მოლოდინები გაანადგურა. მცენარეების უმეტესობამ ბოიკოტი გამომიცხადა. მაშინ მეზობელს ვკითხე, რატომ არ ყვავის ჩემი იორდასალამი. რამდენიმე შესაძლო მიზეზი იყო. აღმოჩნდა, რომ მცენარე საკმაოდ პრეტენზიულია. თუ რაღაც არ მოსწონს, უხვი ყვავილობის იმედი არ უნდა გქონდეს. ზოგჯერ წლიდან წლამდე კოკრების განვითარებაზე უარს ამბობს. Vivien გასწავლით, როგორ მოიქცეთ.

შეცდომები, რომელთა გამოც იორდასალამი აღარ ყვავის

  1. არასწორად შერჩეული ადგილი  – დარწმუნდით, რომ ყვავილისთვის შესაფერისი ადგილი შეარჩიეთ. მცენარე მრავალწლიანია, ამიტომ გამოყოფილ ადგილას თავი კომფორტულად უნდა იგრძნოს. თუ მუდმივად გადარჩენას ცდილობს, ყვავილობისთვის ძალა არ დარჩება. იორდასალამი სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ მზიან, ნახევრად დაჩრდილულ მხარეს დარგეთ. ამავდროულად, ქარისგან დაცული ადგილი უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ მიწა, რომელიც ყვავილის მთავარი მაცოცხლებელი წყაროა. ყვავილი კმაყოფილი დარჩება, თუ ოდნავ ტუტე მიწაში დარგავთ და კარგი დრენაჟით უზრუნველყოფთ. ხეებთან და ბუჩქებთან მეზობლობას მოარიდეთ. მათი ფესვების სისტემა მიწას სწრაფად ფიტავს, ყვავილს მკვებავ ნივთიერებებს ართმევს. იორდასალამი კედელთან ახლოს არ დარგოთ (მინიმუმ 1,5 მ მანძილი უნდა იყოს).
  2. არასწორი დარგვა – დარგეთ მხოლოდ ჯანსაღი ნერგები 2–4 კვირტით, რომელიც ახალ ყლორტებს მოგცემთ, და 5 სმ სიგრძის ფესვით, რომ კარგად გამოიკვებოს. 60×60 სმ ზომის დიდი ორმო ამოთხარეთ, ძირში დრენაჟი მოათავსეთ და ნერგებს ნაყოფიერი მიწა მოაყარეთ. მიწის ფენა ზედა კვირტს 5-7 სმ–ით უნდა ფარავდეს.
  3. მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი – როგორც ნებისმიერ მცენარეს, იორდასალამს პერიოდულად გამოკვება სჭირდება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე გამოკვებეთ. არ გადააჭარბოთ. ზედმეტი კვება ცუდად მოქმედებს. პირველად, აზოტის და კალიუმის სასუქი ახალი წითელი ყლორტების გამოჩენისთანავე მიაწოდეთ. როგორც კი, ტოტებზე კვირტებს შეამჩნევთ, მცენარე მინერალური ან ორგანული სასუქით გამოკვებეთ. ყვავილები წინასწარ მორწყეთ, უკეთესია, თუ გაწვიმდება. ყვავილობიდან 2 კვირის შემდეგ იორდასალამი კალიუმით და ფოსფორით გაახარეთ. დამატებით, ყოველთვე კომპლექსური მინერალური სასუქის ხსნარით დანამეთ.
  4. წყლის დეფიციტი – ყვავილს რეგულარული მორწყვა სჭიდება, მაგრამ ეს ცოტა უჩვეულოდ უნდა გააკეთოთ. საქმე იმაშია, რომ წყლის შემწოვი ფესვები არა ძირში, არამედ მისგან მცირე დაშორებაზე (20-40 სმ) მდებარეობს. მცენარის გარშემო პატარა თხრილი ამოთხარეთ და წყალი ჩაასხით. ერთ ბუჩქზე ზუსტად 3-4 ვედრო წყალი დაგჭირდებათ.
  5. კოკრების დროულად არ მოშორება – ზედმეტი კოკრების მოშორებით ყვავილობის რეგულირებას შეძლებთ. უფრო მსხვილი ყვავილები რომ მიიღოთ, გვერდითა წარმონაქმნები მოაშორეთ, როცა ის ბარდის ზომისაა. ასე ყვავილებიც ნაკლები იქნება. თუ ასე არ გააკეთებთ, ბუჩქი პირველი რამდენიმე წელი უხვად იყვავილებს, მაგრამ შემდეგ დასუსტდება. გამოცდილი მებაღეები გირჩევთ, რომ წმენდა ჩაატაროთ. ასე მცენარე ყვავილების ლამაზი ფერებით გაგახარებთ და ფესვების სისტემის განვითარებასაც შეძლებს. რაც შეეხება გასხვლას, გვიან შემოდგომაზე ჩაატარეთ, როცა მცენარე სიმშვიდის ფაზაში გადადის. გაითვალისწინეთ, რომ იორდასალამი ყვავილობის პერიოდში მესამედზე მეტი ტოტის დაკარგვას ცუდად იტანს. მფლობელმა შეიძლება გადააჭარბოს და მეტი ტოტი მოჭრას.
  6. დაავადებების და მავნებლების გავლენა – ნებისმიერი მცენარის მსგავსად იორდასალამი მავნებელმა ან სხვადასხვა დაავადებამ შეიძლება დააზიანოს. ყვავილის დასაცავად პროფილაქტიკა აუცილებელია. თუ მცენარე ვერ დაიცავით, პრობლემა სწრაფად მოაგვარეთ.

უკვე იცით, რატომ არ ყვავის იორდასალამი და როგორ მოიქცეთ. სწორი მოვლით ბუჩქი კოკრებით დაიფარება, ხოლო ფერების ამბოხით მეზობლებს გააოცებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს