ფანჯრის რაფაზე მწვანილის გაზრდა მეინსტრიმი გახდა. ზოგიერთს ნამდვილი ბოსტნით დაკვეხნა შეუძლია. ზოგჯერ ეგზოტიკური ხილის კურკს მეც ვრგავ, მაგრამ ყველაზე მეტად არომატული ბალახები მიყვარს. ახალი სუნელები ნებისმიერ კერძს ბევრად გემრიელს ხდის. ჩემი ბოლო ექსპერიმენტი ოთახის ბეგქონდარა გახდა.უპრეტენზიო მრავალწლიანი მცენარე ფანჯრის რაფაზე შესანიშნავად იზრდება. თან ძალიან ლამაზად გამოიყურება და ყვავილობს. არომატზე არაფერს ვამბობთ. თუ ბეგქონდარაზე სწორად იზრუნებთ, წლიდან წლამდე გაგახარებთ. Vivien გიამბობთ, როგორ უზრუნველყოთ ბეგქონდარას კომფორტული პირობები.
როგორ გავზარდოთ ბეგქონდარა სახლის პირობებში
დარგვა – ბეგქონდარას გასაზრდელად შეგიძლიათ თესლი ან კალამი გამოიყენოთ. პირველი მეთოდი მეტ დროს მოითხოვს. აღმონაცენი 2 კვირაში გამოჩნდება, მაგრამ ნელა ვითარდება. სრულყოფილი ბუჩქის გასაზრდელად ლოდინი მოგიწევთ. თესლი 0,5 სმ სიღრმეში ჩარგეთ, შემდეგ მიწა კარგად დაატენიანეთ.მცენარის კალმიდან გაზრდა მარტივია. საკმარისია, ტოტი ჭიქა წყალში ჩადოთ და ფესვების განვითარებას დაელოდოთ. ამის შემდეგ ქოთანში გადარგეთ. მოთხოვნა მარტივია: კარგი დრენაჟი და კულტურისთვის შესაფერისი ნიადაგი.
განათება – ზამთარში მცენარე სჯობს აივანზე გაიტანოთ. თუ ოთახში დატოვებთ, მაშინ შესაფერისი განათებით უნდა უზრუნველყოთ. ფიტონათურები გამოიყენეთ. რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო მეტი განათება სჭირდება. გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში მცენარეს ხელოვნური განათება არ სჭირდება.
მორწყვა – ბეგქონდარას უხვი მორწყვა არ უყვარს. განსაკუთრებით ახალგაზრდა ნერგი არ უნდა დატბოროთ. მიწის ზედა ფენას ყურადღება მიაქციეთ. როგორც შეამჩნევთ, რომ გაშრა, ცოტა დაყენებული წყლით მორწყეთ.
გამოკვება – როგორც ბალახების უმეტესობას, გამოკვება უყვარს. ოთახის ბეგქონდარას ბოსტნეულის ან ოთახის მცენარის კომპლექსური სასუქი (თხევადი ბიოჰუმუსი) უხდება. თვეში ერთხელ მიაწოდეთ. თუ ბეგქონდარას მხოლოდ მწვანილისთვის ზრდით, მხოლოდ ორგანული სასუქი გამოიყენეთ (მაგალითად, ჰუმატის ხსნარი).
ფორმირება – ბეგქონდარა პირობების მიხედვით სხვადასხვანაირად შეიძლება გაიზარდოს. ხელსაყრელი გარემო ბუჩქის სწორ ფორმირებას ხელს უწყობს. ის აყვავებული, ბევრი გვერდითა ყლორტების მქონე ხდება. თუ მთავარი ღერო ზემოთ იზრდება, ხოლო მის გარშემო მწვანილი არ ვითარდება, სჯობს გადაჭრათ. ასე ენერგიას გვერდითა ყლორტებისკენ მიმართავთ.ზრდასრული ბუჩქი თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. ტოტები კერძების მოსართავად გადაჭერით, პარალელურად მცენარეს სასურველი ფორმა და ზომა მიანიჭეთ.
გამოზამთრება – ოთახის ბეგქონდარას გრილ ადგილას გამოზამთრება უყვარს. იდეალური ტემპერატურა – 10-15 გრადუსი. თუ ღია აივანი გაქვთ ან შესაძლებლობა არ გაქვთ, რომ შესაფერის ადგილას გადადოთ, ასე მოიქეცით:
- მცენარე გათბობის ბატარეებისგან რაც შეიძლება შორს დადგით.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ მცენარე ნათურის ქვეშ დღეში მინიმუმ 12 საათი იყოს.
- ქოთნის გარშემო ჰაერის ტენიანობა შეინარჩუნეთ (დანამეთ ან ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენეთ).
ბეგქონდარა გარეთაც შეგიძლიათ დარგოთ. ღია და კარგად განათებული ადგილი შეურჩიეთ. ჩრდილში ბალახი არ გაიზრდება. ეს უნივერსალური სანელებელია, რომელიც პრაქტიკულად ყველა კერძს უხდება. მისგან მომზადებული ჩაი საოცრად არომატულია. გირჩევთ, ფანჯრის რაფაზე ერთი ქოთანი ბეგქონდარა იქონიოთ.