თეთრი ტანსაცმელი არასწორი რეცხვის, თაროზე დიდხანს დების ან დაუდევარი ტარების გამო სწრაფად უფერულდება. სახლის პირობებში ნივთების გათეთრებისას იარლიყს დახედეთ, სადაც მითითებულია ნაწარმის ქსოვილი და რეცხვის ნებადართული მაქსიმალური ტემპერატურა. Vivien გიამბობთ, როგორ გაათეთროთ ქვედა საცვლები და სხვა დელიკატური ქსოვილები ხარშვის და მათეთრებლის გარეშე.
როგორ გავათეთროთ ქვედა საცვლები – თუ ბამბის გასათეთრებლად ყველაფერი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რაც ხელთ გაქვთ, სხვა ქსოვილის შემთხვევაში ბევრი შეზღუდვა არსებობს. აბრეშუმის, სინთეტიკის და მაქმანიანი თეთრეულის გასათეთრებლად გამოხარშვა და მათეთრებელი საშუალება არ გამოგადგებათ. ასეთი ნივთები ხელით უნდა გარეხოთ, ზოგი მხოლოდ ჩაალბოთ და ფრთხილად გაწუროთ. აი, რამდენიმე უნივერსალური მათეთრებელი საშუალება, რომელიც ნებისმიერი ტიპის ქსოვილზე შეგიძლიათ გამოიყენოთ.
მათეთრებელი წყალბადის ზეჟანგით – საშუალება გამოგადგებათ უფერულ თეთრ ნივთებზე, რომელსაც სერიოზული ლაქები არ აქვს. 3 ს/კ სოდა 3 ლ თბილ წყალში გახსენით და 2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 2 ს/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ. ნივთები ამ ხსნარში 3 საათით ჩაალბეთ და შემდეგ სარეცხ მანქანაში ფხვნილით გარეცხეთ.
ნიშადურის სპირტი გასათეთრებლად – ნიშადური არა მხოლოდ ცხიმის ლაქებს უმკლავდება, არამედ ტაფაზე ნამწვს აშორებს, არაფერს ვამბობთ მათეთრებელ თვისებაზე. თეთრეულის გასათეთრებლად შინაურული საშუალების ინგრედიენტები მოიმარაგეთ. 3 ს/კ წვრილ სახეხზე გახეხილი დიასახლისის საპონი 5 ლ ცხელ წყალში გახსენით, 2 ს/კ სოდა და 2 ს/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ.
მათეთრებელ საშუალებაში თეთრეული ჩაალბეთ და 3-4 საათით ხსნარის გაგრილებამდე გააჩერეთ. შემდეგ წყალი კარგად გაავლეთ და სარეცხ მანქანაში დელიკატურ რეჟიმზე ან ხელით გარეცხეთ. თითოეული ინგრედიენტი კარგი მათეთრებელია, ხოლო ერთად ნებისმიერი წარმომავლობის ლაქას აშორებს და ნივთს ქათქათას ხდის.
ბორის მჟავა – 2 ს/კ ბორის მჟავა 2 ლ თბილ წყალში გახსენით. 2-3 საათით ჩაალბეთ, შემდეგ სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. ბორის მჟავა გახუნებული თეთრი ნივთების გასათეთრებლად იდეალური საშუალებაა.
როგორ შევინარჩუნოთ ნივთების სიქათქათე – ტანსაცმელი თეთრი რომ დარჩეს, თეთრეული ფერების და ქსოვილის ტიპების მიხედვით დააწყვეთ. ყველაფერი ერთად არ გარეცხოთ, რომ ნივთები სხვა ფერში არ შეიღებოს და გაუფერულდეს. სანამ ბიუსჰალტერს გარეცხავთ, შეკარით, რომ შესაკრავმა თეთრეული არ დააზიანოს.
თეთრი დელიკატური ნივთები მაღალ ტემპერატურაზე არ გარეცხოთ. გახსოვდეთ, რომ დელიკატური ქსოვილის მანქანაში რეცხვისას სჯობს სარეცხი ტომარა გამოიყენოთ, რომელიც ნივთებს დეფორმაციისგან იცავს.შეძენილი მათეთრებელი საშუალებებიდან ჟანგბადის მათეთრებელი ერთ–ერთი ყველაზე ეფექტურია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შინაურული მათეთრებელი უფრო უსაფრთხოა. მაღაზიაში შეძენილი საშუალება ხშირად აგრესიულ კომპონენტებს შეიცავს, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. თქვენ როგორ ათეთრებთ თეთრეულს?