მზიანი ხავერდა ბოსტანში კვლებს შორის ხშირად შეგიძლიათ ნახოთ. მებოსტნეებს შორის მათი დარგვა უკვე ტრადიციად იქცა. მათ ამ ყვავილის უნიკალური თვისებების შესახებ კარგად იციან. მცენარე წარმატებით ებრძვის მავნებლებს, თავისი სუნით აფრთხობს. თან, ნიადაგიც უმჯობესდება. კიდევ რით არის სასარგებლო ბოსტნისთვის? ღია ყვავილები ტერიტორიას მთელი ზაფხული ამშვენებს. პირველივე ცივ ამინდში მცენარე ჭკნება. პირველ რიგში, თესლი შეაგროვეთ, რომ მომავალ წელს ეს სასარგებლო მცენარე კვლავ დარგოთ. დარჩენილი ღეროები არ გადაყაროთ, კიდევ გამოგადგებათ. დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ხავერდა ყვავილობის შემდეგ.
დამჭკნარი ყვავილის სარგებელი
როდის შევაგროვოთ ხავერდას თესლი – დავიწყოთ, თესლის შეგროვებით. როცა ყვავილი დაჭკნება, მშრალ მზიან ამინდს დაელოდეთ და ყველაზე მსხვილი და ჯანმრთელი კალათები შეაგროვეთ. ისინი კარგად უნდა გაშრეს.თუ წვიმიანი ამინდები გაიწელა, მაშინ მოჭრილი ყვავილები დამოუკიდებლად გააშრეთ. ამისთვის შენობაში დაკიდეთ, რომელიც კარგად ნიავდება. შემდეგ თესლი გამოიღეთ და ქაღალდის პაკეტში ჩააწყვეთ. ბნელ, მშრალ ადგილას შეინახეთ.
როგორ გამოვიყენოთ ხავერდა ნემატოდების წინააღმდეგ – მარწყვის მავნებლებთან გამკლავებაში ხავერდაში შემავალი ფიტონციდები დაგეხმარებათ. შეგროვებული მიწისზედა ნაწილი დააქუცმაცეთ და მიწაში ბუჩქებს შორის ჩადეთ. უფრო ეფექტურია, თუ 2-3 ხავერდას ყვავილს პირდაპირ ორმოში, დარგვის დროს ჩადებთ.
ხავერდა საშემოდგომო დარგვისთვის – მავნებლების დაფრთხობის გარდა ხმელი ყვავილები შესანიშნავი სასუქია. მიწაში სიდერატებთან ერთად ჩარგეთ. ასე ნარგავებს ფიტოფთორებისგან რამდენიმე წლით დაიცავთ და მიწას სასარგებლო ელემენტებით გაამდიდრებთ. ხახვის, ნივრის და სტაფილოს საშემოდგომო დარგვისას სასუქი თვეში ერთხელ მიაწოდეთ.დარგული კულტურები გაყინვისგან რომ დაიცვათ ნაძვის ტოტებისა და ხავერდას ღეროების მულჩით დაფარეთ. გაზაფხულზე ნაძვის ტოტები მოაშორეთ, ხოლო ხავერდა დატოვეთ. ის სასარგებლო ფუნქციების შესრულებას გააგრძელებს.
კომპოსტირება – თუ გაქვთ კომპოსტის ორმო, ჩვენი მცენარის დაქუცმაცებული ღეროები დაუმატეთ. ზემოდან ნებისმიერი სხვა ორგანული ნივთიერება და შარშანდელი კომპოსტის ნაწილი დაუმატეთ. წყალი დაასხით და სურვილის შემთხვევაში ბიო დამაჩქარებელი დაუმატეთ. ის ლპობის პროცესს დააჩქარებს.ხავერდას მოსავლის აღებისას მხოლოდ მიწისზედა ნაწილი მოჭერით. ფესვები მიწაში დატოვეთ. ის კულტურულ მცენარეს მიწისქვეშა მავნებლებისგან დაიცავს, ამასთან მიწაში მაქსიმუმ სასარგებლო ნივთიერებას შეინარჩუნებს. ფესვების სისტემა ჰაერის და წყლის გამტარობაზე დადებით გავლენას ახდენს. როგორც ხედავთ, მცენარე ბოსტანში შეუცვლელია როგორც ყვავილობის დროს, ასევე შემდეგ. თქვენს ნაკვეთზე იზრდება ხავერდა?