ნიორი ერთ–ერთი კულტურაა, რომელსაც ყოველთვის ვზრდი. ხორციან და ბოსტნეულის კერძებში მის დამატებაზე ვგიჟდები. ზამთარში ნახევარ აფთიაქს მინაცვლებს. მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა, თუმცა გარკვეულ მოვლას მოითხოვს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, კარგ მოსავალს მიიღებთ. ნივრის მოსავლის აღებას გარკვეული თავისებურება ახლავს.
ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ზოგიერთი მებოსტნე ნივრის ღეროს კვანძავს. ამას ტყუილად არ აკეთებენ. ასეთი პატარა ხრიკით უფრო მსხვილი თავების გაზრდაში დაგეხმარებათ, რომელიც კიდევ უფრო უკეთ ინახება. როგორ მუშაობს? ვფიქრობ, დროა საიდუმლოებას ფარდა ავხადოთ.
რა საჭიროა ნივრის გაკვანძვა მოსავლის აღების პერიოდში
ნივრის თავი მიწისზედა ნაწილთან ერთად იზრდება. ზაფხულის მეორე ნახევარში სასარგებლო ნივთიერებების დიდი ნაწილი ღეროში გადადის. თუ მათ გაკვანძავთ, დაბერების პროცესი შენელდება, ხოლო თავი ინტენსიურად გაიზრდება.
როდის გავკვანძოთ – რეკომენდებულია, პროცედურა მოსავლის აღებამდე 5-7 დღით ადრე ჩაატაროთ. ბოსტნეულის მომწიფების ეტაპი დაადგინეთ შემდეგი ნიშნებით:ღეროს წვერები ყვითლდება; ყვავილების ფურცლები იბზარება; ისრები იწვერება; ჰაეროვანი თესლის ყუთები სკდება; ყლორტები მიწისკენ იხრება;
მხოლოდ ზედა ღეროები შეკარით. თუ ღერო 40 სმ–ზე გრძელია, 2–ჯერ გაკვანძეთ. ძლიერ არ მოუჭიროთ, რომ მცენარე არ დაზიანდეს. ზოგიერთი ღეროებს წნავს, მაგრამ ასეთი „ვარცხნილობის“ გაკეთებას მეტი დრო სჭირდება. პროცედურის დროს ხელთათმანები აუცილებლად გაიკეთეთ. ნივრის ფოთლები საკმაოდ ბასრია და შეიძლება ხელი გაიჭრათ.
მოსავლის ასაღებად მომზადება – მცენარე მოსავლის ასაღებად რომ მოამზადოთ და ბოლქვების განვითარება სტიმულიროთ, რამდენიმე მანიპულაცია ჩაატარეთ:
1. ამოთხრამდე 1 თვით ადრე მორწყვა შეამცირეთ. 2 კვირით ადრე მორწყვა სრულად შეწყვიტეთ. ასე ნივრის თავებს ლპობისგან დაიცავთ.
2. მოსავლის აღებამდე 7 დღით ადრე ყველა გაყვითლებული ფოთოლი მოაჭერით.
3. 2-3 დღით ადრე სარეველებისგან გაწმინდეთ და მიწა კარგად გააფხვიერეთ.
4. ისრები განასკვეთ და ბასრი მაკრატლით ან დანით გაჭერით. ირიბად გადაჭერით. ბოლქვები ინფექციებისგან რომ დაიცვათ, დაზიანებული ადგილები ნაცრით დაამუშავეთ. ისრები ხელით არ მოჭრათ, ასე მცენარეს დააზიანებთ.
მოსავლის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე ცალი ნივრის თავი ამოთხარეთ და დაათვალიერეთ. თუ კბილი მკვრივია, ხოლო ფურცელი გამძლე, ბოსტნეული მწიფეა.
მოსავლის აღების წესი
ნიორი მშრალ დღეს ამოთხარეთ. ამისთვის დილა ან საღამო კარგი დროა. თუ ახლახანს წვიმა წამოვიდა, მიწის გაშრობას დაელოდეთ. ფიჩხი ან ნიჩაბი მიწაში პერპენდიკულარულად ჩაარჭეთ და მცენარე ამოთხარეთ. მიწისგან გაწმინდეთ და ოდნავ გააშრეთ. შემდეგ ნიორი კარგად განიავებად შენობაში დაკიდეთ.
სწორად შეგროვებული ნიორი მთელი ზამთარი კარგად ინახება. კვანძის ხრიკით ბოსტნეული წვნიანი, მდიდრული ხდება.