რატომ ხმება ხახვი: მიზეზები და ეფექტური მეთოდები გადასარჩენად

1221

მებოსტნისთვის საკუთარი შრომის ნაყოფის დანახვა ნამდვილი ბედნიერებაა. თუმცა მოსავლის აღებამდე რთული გზის გავლა უწევთ. ამინდის პირობები, მავნებლები და არასწორი მოვლა მცენარეს განვითარების ნებისმიერ ეტაპზე საფრთხეს უქმნის. ყველაზე უპრეტენზიო კულტურებიც იტანჯება. მსგავს პრობლემას ხშირად ვაწყდები, როცა ხახვის ბუმბული ყვითლდება და ვარდება. Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს ხახვის ხმობას.

როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მიზეზი არსებობს. რაც უფრო მალე აღმოაჩენთ პრობლემას, მით უფრო სწრაფად მიიღებთ გადაწყვეტილებას. Vivien-მა თქვენთვის შეაგროვა ხახვის მოყვანის ყველა შესაძლო შეცდომა, ასევე რჩევები, რომლებიც მცენარეს ჯანსაღ იერს დაუბრუნებენ.

რატომ ხმება ხახვი და როგორ ვებრძოლოთ ამას

  • არასაკმარისი მორწყვა – შესაძლოა, ხახვს წყალი აკლია. როცა მცენარის მიწისზედა ნაწილი იზრდება, უფრო მეტი წყალი სჭირდება. თუ გარეთ ცხელა ან მიწა წყალს ცუდად ინარჩუნებს, ხახვის ბუმბული სიმკვრივეს და ფერს კარგავს. ამ შემთხვევაში მიწა შეამოწმეთ. თუ 3-5 სმ–ზე მშრალია, დროა მორწყათ. მორწყვის სიხშირე ამინდზეა დამოკიდებული. ივნისსა და ივლისის პირველ ნახევარში კვირაში 1-2-ჯერ მორწყეთ – 10-15 ლ წყალი 1მ²–ზე. შემდეგ მორწყვის რაოდენობა შეამცირეთ. მოსავლის აღებამდე 2 კვირით ადრე მორწყვა საერთოდ შეწყვიტეთ. ზედმეტი ტენიანობა გემოსა და შენახვის ხარისხზე აისახება.
  • აზოტის დეფიციტი – თუ პრობლემა განვითარების საწყის ეტაპზე გაჩნდა, შესაძლოა, მცენარეს აზოტის სასუქი სჭირდება. მინერალური სასუქიდან შარდოვანა გამოგადგებათ. 10-15 გრ 10 ლ წყალში გააზავეთ და ხახვი მორწყეთ. სჯობს მინერალური და ორგანული სასუქები კომპლექსურად გამოიყენოთ. 10 ლ წყალი და 1 ლ ცხენის ნაკელი აურიეთ და 5-7 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ 1 ს/კ შარდოვანა დაუმატეთ, აურიეთ და მორწყეთ.

მავნებლები

ხახვის მთავარი მავნებელი – ხახვის ბუზი, უფრო ზუსტად მისი ლარვები. გამოჩეკვის შემდეგ ბოსტნეულს ჭამენ. თუ არ იმოქმედებთ, მოსავალს დაკარგავთ. თავდაპირველად, დარწმუნდით, რომ ესაა პრობლემა. 3-4 მცენარე ამოთხარეთ და კარგად დააკვირდით. თუ თეთრ ჭიებს დაინახავთ, განგაში ატეხეთ.

მავნებლებთან ბრძოლა რთულია და მხოლოდ ერთხელ დამუშავება საკმარისი არაა. თქვენი მიზანია ხახვის ბუზის გამრავლება შეაჩეროთ. აი, რა დაგეხმარებათ:

  1. დაპუდვრა. პერიოდულად ხახვს ხის ნაცარი მოაყარეთ. 1 ს/კ თამბაქოს მტვრის, 1 ს/კ წიწაკის და 1 ჭიქა ნაცრის ნარევი უფრო ეფექტურია.
  2. არყის კუპრი. 30 გრ დიასახლისის საპონი და 1 ს/კ კუპრი 10 ლ წყალში აურიეთ. მიღებული ხსნარით ყოველ 2 კვირაში მორწყეთ. სეზონზე 2-3-ჯერ გაიმეორეთ. პრევენციისთვის დასარგავი მასალა 30 წუთით 1 ჩ/კ კუპრის და 1 ლ წყლის ნარევში ჩაალბეთ.
  3. ნიშადურის სპირტი. 3 ს/კ ნიშადურის სპირტი (10%) და 10 ლ წყალი აურიეთ. თანდათან კალიუმის პერმანგანატი დაუმატეთ, რომ ვარდისფერი შეფერილობა მიიღოთ. გამოყენების წინ ნერგები კარგად მორწყეთ. ხახვი ამ საშუალებით კვირაში ერთხელ, მინიმუმ 2-ჯერ დაამუშავეთ.
  4. ინსექტიციდები. ზოგჯერ ბუზს ხალხური საშუალებები ვერ უმკლავდება. ამ შემთხვევაში მძიმე არტილერიის ჩართვა მოგიწევთ. ქიმიური პრეპარატი შეიძინეთ და ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ.

სოკოვანი დაავადება

დაავადების განსასაზღვრად ხახვის გაჭრა მოგიწევთ. პირველი ნიშანი ლპობის უსიამოვნო სუნია. დაზიანებული რბილობი და ფსკერზე მიცელიუმის არსებობა ამტკიცებს, რომ კულტურა ფუსარიოზით დაზიანებულია.

პირველ რიგში, კვლებიდან ამოიღეთ ყველა ბოლქვი, რომელთაც დაავადების ნიშნები აქვს (ყვითელი ფოთლები, რბილი ბოლქვი). შემდეგ მცენარე მარგანცოვკის ან ბიოფუნგიციდის „ფიტოსპორინი–მ“ ან „აგატ–25სუპერ“ კონცენტრირებული ხსნარით მორწყეთ. მძიმე შემთხვევაში უფრო ძლიერი ფუნგიციდები გამოიყენეთ.

ყველა კულტურას ყურადღება უყვარს და ხახვი გამონაკლისი არაა. დროდადრო ყურადღებით შეამოწმეთ. ახლა უკვე იცით, რატომ ხმება ხახვი და როგორ ებრძოლოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს