რატომ ყვითლდება კიტრის ფოთლები და რა გავაკეთოთ

2521

კიტრის ჯანმრთელობაზე ფოთლები ბევრ რამეს ამბობს. სანამ ნასკვები ფორმირდება, ფოთლები კარგად დაათვალიერეთ. თუ ფოთლები გაყვითლდა, არ ინერვიულოთ, მიზეზი დაადგინეთ და ყველაფერი გამოასწორეთ. Vivien გიამბობთ, რატომ ყვითლდება კიტრის ფოთლები და გასწავლით, რა გააკეთოთ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

მიზეზი №1: სინათლის დეფიციტი

თუ კიტრის ქვედა ფოთლები გაყვითლდა, არ ინერვიულოთ – კიტრის „ჯუნგლებისთვის“ ეს ნორმალურია. მცენარე დიდ მწვანე მასას ზრდის და სინათლე შიგნით თითქმის არ აღწევს.

რა გავაკეთოთ: ზოგადად, არ იდარდოთ. კარგი განვითარებისა და ნაყოფიერებისთვის კიტრის გასქელება არ დაუშვათ. ამისთვის ჯოხზე დაახვიეთ და ძველი, ყვითლები ფოთლები რეგულარულად მოაშორეთ.

მიზეზი №2: არასაკმარისი ან ზედმეტი მორწყვა

რა გავაკეთოთ: ამინდის პირობებს და მცენარის განვითარების ფაზებს დააკვირდით. სარწყავი წყალი +23 – +24 °C უნდა იყოს. ყვავილობამდე და ნაყოფის ფორმირებამდე კიტრი ზომიერ ტენიანობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, კვირაში 1-2-ჯერ (3-4 დღეში) მორწყეთ.

ნაყოფიერების პერიოდის დაწყებისას კიტრი უფრო ხშირად, 2-3 დღეში მორწყეთ. სიცხეში – ყოველდღე. მიწა ღრმად დაასველეთ, გრილ ამინდში მორწყვის სიხშირე და მოცულობა შეამცირეთ. წყლის მარაგის შენარჩუნებაში მულჩირება დაგეხმარებათ.

წვიმიან ამინდში ან ჭარბი მორწყვისას კიტრი შეიძლება დალპეს.

მიზეზი №3: ღამის და დღის ტემპერატურის ცვლილებები

კიტრი დაახლოებით +10° ტემპერატურაზე ზრდას წყვეტს და უფრო დაბალ ტემპერატურაზე იღუპება.

რა გავაკეთოთ: თუ ყინვის საფრთხე არსებობს, რკალზე გადაკრული ფირით ან უნაჭრო ქსოვილით (ლუტრასილი, სპანბონდი, აგროტექსი) დაფარეთ.

მიზეზი №4: მკვებავი ელემენტების დეფიციტი

  • თუ კიტრის ფოთლების კიდეები ყვითლდება, ჩნდება ყვითელი ქობა (კუთხური დამწვრობა), ხოლო ფოთლების ფირფიტები ნაოჭდება, დეფორმირდება, კიტრს კალიუმი აკლია (მსხლის ფორმის ნაყოფი იმავეზე საუბრობს).
  • თუ ყვავილი სუსტად ინასკვება ან ნასკვები შრება, ყლორტები იმტვრევა, ცუდად იზრდება – კიტრს ბორი აკლია.
  • კიტრის ახალგაზრდა ფოთლები ყვითლდება, ხოლო ძველი მუქი მწვანე რჩება (შუაძარღვული ქლოროზი) – კიტრს მანგანუმი ან რკინა აკლია.
  • ძველ ფოთლებზე მწვანე ძარღვებს შორის ჩნდება მოყვითალო–მწვანე ლაქები (მოზაიკები) – კიტრს მაგნიუმი აკლია.
  • ფოთლები (მათ შორის ძარღვები) თანაბრად ფერმკრთალდება (ღია მწვანედან მოყვითალო–მწვანემდე), პატარავდება და წვრილდება – აზოტის დეფიციტი.

რა გავაკეთოთ: კიტრის ფოთლები დანამეთ სასუქებით, რომლებიც დეფიციტურ ელემენტებს შეიცავენ ან შესაბამისი მინერალური ხსნარებით. ორგანული სასუქიც დაგეხმარებათ. მაგალითად, კალიუმის დეფიციტის დროს ნაცრის ხსნარი (1 ჭიქა 10 ლ წყალზე) დაგეხმარებათ: დანამეთ ან ფესვების ქვეშ მორწყეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მარგანცოვკის სუსტი ვარდისფერი ხსნარი.

მიზეზი №5: კიტრის დაავადებები

პერონოსპოროზი (ცრუ ნაცროვანი სოკო)

დაავადების დროს ფოთლებზე პატარა, მრავალი ყვითელი, მოყვითალო–ყავისფერი ლაქები ჩნდება, რომლებიც დროთა განმავლობაში ზომაში იზრდება, ყავისფერდება, ხმება. ასევე თეთრი ნაცროვანი ნადები ჩნდება. დაავადება ტემპერატურის ცვლილებების, მაღალი ტენიანობის დროს ვითარდება (ხშირად გაზაფხულზე და აგვისტო–სექტემბერში).

რა გავაკეთოთ: აგროტექნიკა დაიცავით, აზოტის სასუქებით ზედმეტად არ გამოკვებოთ. დაავადების პირველივე ნიშნებზე ფუნგიციდებით ან „ხალხური საშუალებებით“ დანამეთ.

ნაცროვანი სოკო

ამ დაავადების დროს კიტრის ზედა მხარეს თეთრი (ან ოდნავ მოწითალო) ნაცროვანი ნადები ჩნდება.

როგორც წინა შემთხვევაში, აგროტექნიკა დაიცავით. დაავადების აღმოჩენისას ფუნგიციდებით დანამეთ.

ფესვების ლპობა

თუ კიტრის ფოთლები მუდმივად ჭკნება, ხმება და შრება, მცენარის ფესვები შეამოწმეთ – დაავადების დროს ფესვების ყელი ყავისფერდება და ლპება.

რა გავაკეთოთ: პრევენციისთვის მიწა ორთქლზე მოხალეთ, დარგვამდე თესლი შეწამლეთ, ნარგავი არ გაასქელოთ, მცენარე თბილი წყლით მორწყეთ. დაავადებული კიტრი “გაახალგაზრდავეთ”: ღერო მიწასთან დახარეთ, ზემოდან ცოტა ნაყოფიერი მიწა მოაყარეთ და 10-15 დღე გააფესვიანეთ.

ფუზარიოზი

დაავადება ხშირად ვრცელდება სათბურებში, განსაკუთრებით გაზაფხულზე ტემპერატურის დიდი ცვლილების დროს. აღმონაცენებს და ზრდასრულ მცენარეებს აზიანებს. ყვავილობამდე კიტრი ჯანმრთელად გამოიყურება, ხოლო ნასკვების ფორმირების შემდეგ ჭკნება. ფოთლები ყვითლდება, ღერო თხელდება, ხმება, შემდეგ ფესვები კვდება და ბოლოს მთელი მცენარე იღუპება.

რა გავაკეთოთ: სათბურში მიწას დეზინფექცია გაუკეთეთ, ოპტიმალური პირობები (ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა) შეინარჩუნეთ და მცენარე მხოლოდ თბილი წყლით მორწყეთ. ძლიერ დაზიანებული მცენარე უნდა განადგურდეს.

ანტრაკნოზი

ფოთლების კიდეებზე და ღეროებზე მრავალი ყვითელი (მოყავისფრო) ლაქა ჩნდება. ნაყოფზე – ღია ყავისფერი სველი წყლულები.

რა გავაკეთოთ: საპროფილაქტიკო და სამკურნალო ღონისძიებები ჩაატარეთ, რომელიც მოიცავს თესლის ფუნგიციდებით დამუშავებას, ხარისხიან დაბალანსებულ კვებას, მცენარეული ნარჩენების და დაავადებული მცენარეების მოცილებას. დაავადებული მცენარე 1%–იანი ბორდოს ნარევის ხსნარით ან 0,5%–იანი სპილენძის სულფატის ხსნარით დანამეთ.

მიზეზი №6: კიტრის მავნებლები

ობობის ტკიპა

ტკიპები, ძირითადად, ფოთლების ქვედა მხარეს ცხოვრობენ. ისინი წვრილ ობობის ქსელს აბამენ და წვენს წოვენ. თავიდან ფოთლებზე მოთეთრო წერტილები ჩნდება, შემდეგ მსხვილდება, ლაქად იქცევა. საბოლოოდ, ფოთლები ყვითლდება და ხმება.

რა გავაკეთოთ: აკარიციდებით დანამეთ, ფოთლების ქვედა მხარეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. აუცილებლად სათბური გაანიავეთ, ფოთლები პერიოდულად დანამეთ, მორწყვის რეჟიმი დაიცავით. ხალხური საშუალებებიც გამოგადგებათ.

თამბაქოს თრიფსი

ფოთლებზე წვრილი, დაახლოები 1 მმ ზომის მწერები და ღია კუთხური ლაქები ჩნდება. დაზიანების განვითარებასთან ერთად ფოთლები ყავისფერდება და ხმება.

რა გავაკეთოთ: მცენარე ინსექტიციდებით დანამეთ. პროფილაქტისთვის მიწა რეგულარულად დაბარეთ და გააფხვიერეთ. სარეველები მოაშორეთ.

ფრთათეთრა

ფრთათეთრა კიტრებს, ძირითადად, სათბურებში აზიანებს, მაგრამ სახეობების ნაწილს ღია გრუნტშიც ცხოვრება შეუძლიათ. დაზიანებულ ფოთლებზე მკრთალი ყვითელი ლაქები ჩნდება, რომლებიც თანდათან ზომაში იზრდება. ფოთლები შეიძლება ოდნავ დაიხვეს.

რა გავაკეთოთ: საპროფილაქტიკო ზომები, ინსექტიციდებით და მცენარეული ნაყენებით დამუშავება.

მიზეზი №7: ნასკვებით გადატვირთვა

სათბურში და ღია ნაკვეთზე გისოსზე კიტრის გაზრდისას ფოთლები შეიძლება გაყვითლდეს, ხოლო ნასკვები გახმეს, თუ მცენარის ფორმირებას ყურადღებას არ მიაქცევთ. სათბურში კიტრს აუცილებლად ნამხარი უნდა ააცალოთ, გვერდითა ყლორტები მოაშოროთ. მთელ მცენარეზე მაქსიმუმ 20-25 ნასკვი დატოვეთ.

კიტრის ფორმირების მთავარი სქემა

მთავარ ყლორტზე ქვედა 4-6 კვანძი დააბრმავეთ. მომდევნო 3 კვანძში ყველა გვერდითა ყლორტი მოაშორეთ, ნასკვები დატოვეთ. დარჩენილი ყლორტები ვიზუალურად სამ ნაწილად გაყავით: ქვედა კვანძში – გვერდითა ყლორტები 1–2 ფოთოლზე გადაჭერით, შუაზე – 2-ზე, ზედაზე – 3-ზე. შემდეგ ყლორტები გისოსზე 1-2-ჯერ შემოახვიეთ.

მიზეზი №8: ცუდად დამტვერვა

რა გავაკეთოთ: ფუტკრის მიერ დამტვერილი ჯიშის გაზრდისას ფუტკრებისა და ბაზებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმენით. თბილ ამინდში სათბურში ღია დატოვეთ და პერიოდულად გაანიავეთ. დამტვერავების მოსაზიდად კიტრის მეზობლად თაფლოვანა მცენარეები, კამა დარგეთ. თაფლის და შაქრის ხსნარით დანამვაც დაგეხმარებათ (0,5 ს/კ შაქარი ან თაფლი 1 ლ წყალზე). პრეპარატებს შორის – ბორის მჟავა (5 გრ 10 ლ წყალზე), ბორ–მაგნიუმის სასუქი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს