ჩემს ოჯახში კომბოსტოს ვერც ერთი ბოსტნეული ვერ ჩაანაცვლებს. ის ხომ ასეთი გემრიელი და თან სასარგებლოა. მწვანე ლამაზმანის გაზრდა დიდხანს არ გამომდიოდა, ამიტომ ყიდვა მიწევდა. ცოტა ხნის წინ მეზობელმა, რომელსაც კომბოსტოს ნამდვილი პლანტაცია აქვს, მიამბო, რომ უბრალოდ კომბოსტოსთვის სასუქი სწორად უნდა გამოვიყენო.
აღმოჩნდა, რომ რამდენიმე საიდუმლო ხრიკის გამოყენებით კომბოსტოს ხარისხის და რაოდენობის გაზრდა შეიძლება. მისი რჩევები გავითვალისწინე და კომბოსტოს მაღაზიაში აღარ ვყიდულობ. ახლა მოსავალს თავად ვიღებ. Vivien გიზიარებთ საიდუმლო მეთოდებს დიდი კომბოსტოს თავების გასაზრდელად.
რისთვის სჭირდება სასუქი კომბოსტოს
სწორი სასუქის შესარჩევად უნდა იცოდეთ, თუ როგორ მიწაში რგავთ კომბოსტოს. ეს უპრეტენზიო მცენარე ნაყოფიერ თიხნარში უკეთ იზრდება, ანუ ასეთი ტიპის მიწაში უკეთეს მოსავალს მოგცემთ. ამასთან კომბოსტოს არ უყვარს მჟავე მიწა და თიხა, რომელიც სოკოვანი დაავადებების ალბათობას ზრდის.
დარგვისას მიწა სითხეს კარგად უნდა იკავებდეს და ზომიერად თბილი უნდა იყოს. ეს ნაადრევ ჯიშებს ეხება.
კომბოსტოს დარგვის დროს ორმოში სასუქის დამატებით მიწას უფრო ნაყოფიერს გახდით და გაამდიდრებთ სასარგებლო ნივთიერებებით, რომლებიც კომბოსტოს სჭირდება.
სხვადასხვა სასუქის და დანამატის მიწოდებით გასული წლიდან დარჩენილ მავნებლებს გაუმკლავდებით.
რომელი სასუქი სჭირდება კომბოსტოს
კომბოსტოს კარგი მოსავლის მისაღებად სჯობს ორგანული სასუქი გამოიყენოთ, რომელიც ამ კულტურას ძალიან უყვარს. დარგვისას ორმოში 1 ჭიქა დამპალი ნეშომპალა და 1 ჩ/კ კირი დაუმატეთ. ასე მიწის განჟანგვას ხელს შეუწყობთ. გახსოვდეთ, რომ ორმოში დამატებულ ნეშომპალას მიწის ფენა (დაახლოებით 5 სმ) უნდა დააფინოთ, რომ ფესვების დაწვა თავიდან აიცილოთ.
ნეშომპალას გარდა მიწის განჟანგვაში დაგეხმარებათ ნაცარი. 1 ჭიქა ნაცარი ორმოს ძირში ჩაყარეთ და მიწას აურიეთ.
კომბოსტოს დარგვისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სუპერფოსფატი. ნახევარი ჩაის კოვზი სუპერფოსფატი თითო ორმოზე საკმარისია. ასევე შეგიძლიათ ორმოში მოათავსოთ ნიტროამოფოსკი იმავე რაოდენობით, როგორც სუპერფოსფატი.
გამოცდილი ფერმერები კომბოსტოს დარგვისას ჰუმატსაც იყენებენ. კალიუმის ჰუმატი კომბოსტოს გვალვის მიმართ გამძლეს ხდის და მის ზრდას ხელს უწყობს. შეფუთვაზე რეკომენდებული რაოდენობა მითითებულია, მაგრამ, როგორც წესი, 1 სუფრის კოვზი საკმარისია.
ბოლოს, დარგული ნერგი მარგანცოვკის (კალიუმის პერმანგანატი) სუსტი ხსნარით მორწყეთ.
გაწეული შრომა გამართლებული რომ იყოს, 10 დღეში კომბოსტო გამოკვებეთ. ამ მიზნით აზოტის სასუქი გამოგადგებათ, რომელიც ზრდას აჩქარებს. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი სასუქი: 10 ლ წყალში 200 გრ ნაცარი და 60 გრ სუპერფოსფატი გახსენით.
ჩატარებული მანიპულაციების შემდეგ დიდი და წვნიანი კომბოსტოს თავებს მიიღებთ. ახლა კომბოსტო ყველა საყვარელი კერძის მოსამზადებლად გეყოფათ.