პატარა მწვანე კუთხე ბინაში შეიძლება ქალაქის ალიაქოთის ცენტრში ოაზისის ნაწილი გახდეს. გარდა ამისა, მცენარეების გადარგვა ერთგვარი დამამშვიდებელი მედიტაციაა, რომელიც ჰაერს მავნე მინარევებისგან წმენდს. ზოგჯერ ჩვენს საყვარელ მცენარეებს მავნებლები თავს ესხმიან. ისინი მცენარის გარეგნობას, ჯანმრთელობას და ჩვენს განწყობას აზიანებენ. ერთ–ერთი ასეთი მავნებელია ქინქლი.
ქინქლი ძალიან სწრაფად მრავლდება და მთელ სახლში ფრენას იწყებს. ეს კი გვაიძულებს მწვანე ლამაზმანს დავემშვიდობოთ. Vivien გირჩევთ, არ იჩქაროთ, რადგან ყვავილების ქინქლების მოსაშორებლად მარტივი და უსაფრთხო მეთოდები არსებობს.
ქინქლები ყვავილის ქოთნებში: როგორ მოვიშოროთ სახლის პირობებში
უფრო მარტივია პატარა, მაგრამ უსიამოვნო მწერების გაჩენა თავიდან აიცილოთ. მათ გაჩენას ხელს უწყობს მუდმივად სველი, გამოუმშრალი მიწა. სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად და უხვად მორწყვა შეიძლება ქინქლის მაუწყებელი გახდეს.
რეკომენდებულია, მიწა პერიოდულად გააფხვიეროთ და მცენარე შეამოწმოთ, მკვდარი ფოთლები მოაშოროთ.
გადარგვა
თუ ქინქლები მაინც გაჩნდა, მარტივი ხალხური საშუალებები გამოიყენეთ. პირველ რიგში, მიწაში ლარვების არსებობა შეამოწმეთ. თუ ძალიან ბევრია, მცენარის გადარგვა მოგიწევთ. სადრენაჟო ფენა არ დაგავიწყდეთ, რომ მიწაში სითხე არ დაგუბდეს და ფესვების ლპობას თავიდან აიცილოთ. ფესვების ლპობა ქინქლების ქოთანში გაჩენის ერთ–ერთი მიზეზია.
ეთერზეთები
უკვე მიწაში არსებული ქინქლების მოსაშორებლად ეთერზეთი გამოიყენეთ. ამ მიზნით ჩაის ხის ზეთი გამოგადგებათ. საკმარისია წყალს რამდენიმე წვეთი ზეთი დაუმატოთ და მცენარე ამ ხსნარით 2 კვირაში ერთხელ პრევენციისთვის ან კვირაში 1–2–ჯერ მავნებლებთან საბრძოლველად მორწყათ.
მწერებს მძაფრი სუნები აფრთხობთ, ამიტომ ეთერზეთი შეგიძლიათ არომანათურას დაუმატოთ. ასე სახლს სასიამოვნო არომატით გაავსებთ. ამ მიზნით აქტიური სუნის მქონე ეთერზეთები გამოიყენეთ: ილანგ–ილანგი, ფიჭვი, პაჩული, ლავანდა, ვანილი, მანდარინი და ბევრი სხვა.
ნიორი
როგორც უკვე იცით, ქინქლებს მძაფრი სუნები აშინებთ, ამიტომ ნიორი კიდევ ერთი საშუალებაა მათ მოსაშორებლად. ნივრის კბილი შუაზე გაჭერით და ქოთნის გარშემო ჩაარჭეთ. ძალიან მალე ქინქლები აორთქლდება. შეგიძლიათ ნივრის ნაყენი გამოიყენოთ. 1 თავი ნიორი გახეხეთ და 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. ნაყენი 4 საათის შემდეგ მზად იქნება. სპრეი ბოთლით მცენარის ფოთლები დანამეთ.
ფორთოხლის ქერქი
კიდევ ერთი მძაფრი სუნი, რომელსაც ქინქლი ვერ იტანს – ციტრუსი. რამდენიმე ფორთოხლის ქერქის ნაჭერი მიწაში ჩაარჭეთ და საზიზღარი ქინქლები აღარ შეგაწუხებთ.
ასანთი
ერთ–ერთი ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება შავ ქინქლებთან საბრძოლველად – უბრალო ასანთი. 3-5 ასანთის ღერი გოგირდის თავით ქვემოთ მიწაში, ქოთნის კიდესთან ახლოს, ჩაარჭეთ. როგორც კი გოგირდი დაიშლება, ასანთი შეცვალეთ (როგორც წესი, 2 დღეში ერთხელ). ასანთის ღერების შეცვლა გააგრძელეთ მანამ, სანამ ქინქლები სრულად არ გაქრება.
ქინქლების მოსაშორებლად შეგიძლიათ მაღაზიაში ქიმიური საშუალებები შეიძინოთ, მაგრამ შინაურული საშუალებები არანაკლებ, ზოგჯერ უკეთეს შედეგს იძლევა.
თქვენს პატარა ოთახის ტყეს გაუფრთხილდით!