როგორც ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი, ახალშობილი პირველივე დღეს განიცდის შიმშილის შეგრძნებას. და თუ ის ბოლომდე არ დანაყრდება, დაიწყებს ყვირილსა და ტირილს, მოითხოვს რძეს. ამასთან, პატარა თვითონ გრძნობს, რამდენი სჭირდება დასანაყრებლად. თუ რძე ცოტაა – ის კიდევ მოითხოვს. საჭიროზე მეტის დალევას თქვენ ნამდვილად ვერ აიძულებთ.
ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა სწორედ აქ იმალება მთავარი სირთულე. ხანდახან, ახალგაზრდა დედებმა არ იციან, რა პერიოდულობით უნდა ხდებოდეს ბავშვის გამოკვება. ეს კი ბავშვისთვის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.
ახალშობილის კვება
-“5 დღის წინ ვიმშობიარე, სამშობიაროდან უკვე გამომწერეს. ახალშობილს 4-5 საათში ერთხელ ვაჭმევ ძუძუს რძეს, მაგრამ ის ძალიან ზარმაცია და სულაც არ ითხოვს რძეს. მუდმივად სძინავს. ბავშვს დღეს ჯერაც არ მოუშარდავს.”
ახალგაზრდა დედა ხვდება, რომ თავისი შვილი გაუწყლოებულია კვების უკმარისობის გამო. და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი უკმარისობის მიზეზი გაუგებარია, ამ უკანასკნელის ძებნის დრო ნამდვილად არაა. ბავშვის დაუყოვნებლივ გადარჩენაა საჭირო.
-“აქ უკვე ყველაფერი გასაგებია იმ მიზეზით, რომ ახალდაბადებული სითხეს არამხოლოდ სწრაფად, არამედ ორმაგად სწრაფად კარგავს. და, გაუწყლოების დროს ის ავლენს მსგავს ქცევას, რომელსაც ახალგამომცხვარი გამოუცდელი მშობლები სიზარმაცეს ან ტემპერამენტის თავისებურებას მიაწერენ,” – ხსნის პედიატრი.
-“გასაოცარია, რომ ხმამაღალი ტირილი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვი ძლიერია და უკმაყოფილების გამოხატვა შეუძლია, მშობელს აწუხებს, აი, ხანგრძლივი ძილი და საკვების იშვიათი მიღება – არა. არადა, სწორედ ეს უკანასკნელი მიანიშნებს იმაზე, რომ პატარას რძის მოთხოვნის ძალაც კი არ აქვს. შარდის გამოუყოფლობა კი სახიფათო ნიშანია, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრება.”
ამიტომ, ექიმი გირჩევთ, არ დაკარგოთ ერთი წუთიც კი და სასწრაფოდ იმოქმედოთ. აი, როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში პირველ რიგში.
1. გამოიწველეთ რძე და გამოკვებეთ ბავშვი. ამისთვის გამოიყენეთ შპრიცი ან თითი.
2. თუ რაღაც მიზეზების გამო რძის გამოწველას ვერ ახერხებთ, ბავშვის დანაყრება სპეციალური ფხვნილებით მოგიხდებათ. ამასთან, ეს ფხვნილი ექიმთან უნდა შეარჩიოთ და არა შეიძინოთ ის, რაც უბრალოდ მოგეწონათ.
3. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან, თუ რა მიზეზით არ იღებდა ბავშვი საკმარის კვებას და როგორ მოიქცეთ, რომ იგივე მომავალშიც არ განმეორდეს.
კატეგორიულად დაუშვებელია შემდეგი:
1. არ შეიძლება ელოდოთ, რომ გაუწყლოება თავისით გაივლის – ასე არ მოხდება!
2. არ შეიძლება ბავშვისთვის წყლის დალევინება, რადგან ამ ასაკში გაუწყლოება კვების უკმარისობასაც ნიშნავს. წყლით კი სასარგებლო და საკვებ ნივთიერებებს ვერ უზრუნველყოფთ.
გაუწყლოება თავიდან რომ აიცილოთ, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა იყოს ხშირი და რეგულარული. პედიატრი გვირჩევს ბავშვის გამოკვებას ყოველ 2-3 საათში მაშინაც კი, თუ პატარა ამას არ მოითხოვს.
თქვენ რა სიხშირით აჭმევთ პატარას?