ერთსა და იმავე დროს. როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა სწორად

2876
photo by fernando zhiminaicela on Pixabay

თუ არტერიულ წნევას დამოუკიდებლად იზომავთ, ეცადეთ ყოველთვის დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში გაიზომოთ. ტონომეტრის შეძენისას პირველად წნევა პირდაპირ აფთიაქში, ფარმაცევტის ან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გაიზომეთ.

ჩვენი არტერიული წნევა ორგანიზმის მუშაობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს. 40 წლის შემდეგ, ჯანრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წნევის პერიოდულად გაზომვა აუცილებელია. ადამიანმა ჰიპერტონიის განვითარება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეამჩნიოს. წნევის გაზომვის ჩვევა პრობლემის დროულად აღმოჩენასა და სათანადო ზომების მიღებაში დაგეხმარებათ.

უფრო მარტივად როგორ? არტერიული წნევის გასაკონტროლებლად უმარტივესი გზა სახლის აპარატის შეძენაა. მნიშვნელოვანია: სანამ ტონომეტრს სახლში რეგულარულად გამოიყენებთ, ექიმს ან აფთიაქს მიმართეთ და სპეციალისტების კონტროლის ქვეშ არტერიული წნევა განსაზღვრეთ. სახლის პირობებში გაზომვისას მაჩვენებელი სპეციალისტების მიერ დადგენილი მაჩვენებლისგან 10 პუნქტზე მეტად არ უნდა განსხვავდებოდეს. მაგალითად, ექიმმა დაადგინა, რომ თქვენი სისტოლური წნევაა 130. სახლის პირობებში მისი მაქსიმალური მაჩვენებელი შეიძლება იყოს 140 ან 120. თუ მაჩვენებელი როგორც როგორც „დადებით“, ასევე „უარყოფით“ მხარეს უფრო მეტად შეიცვალა, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

6 წესი, რომელსაც სახლის პირობებში წნევის გაზომვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ

  1. წნევა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ. იდეალური იქნება დილით გაღვიძებისთანავე, უზმოზე და სიგარეტის მოწევის გარეშე.
  2. თუ დილით წნევის გაზომვა არ გსურთ ან არ შეგიძლიათ, ჭამიდან ნახევარი საათი მოიცადეთ, სანამ არტერიული წნევის გაზომვას ეცდებით.
  3. უკვე არსებული მაღალი წნევის დროს არტერიული წნევა მედიკამენტის მიღებამდე გაიზომეთ. ამასთან წნევა არა მხოლოდ დილით, არამედ საღამოსაც უნდა გაიზომოთ.
  4. წნევა მოდუნებულ მდგომარეობაში უნდა გაიზომოთ. გაზომვამდე 5 წუთით კომფორტულად მოეწყვეთ, რომ დამშვიდდეთ.
  5. სკამზე დაჯექით და იატაკზე ფეხები ერთმანეთის გვერდით, სწორად დადგით. ფეხის ფეხზე გადადების დროს კუნთები იძაბება და არტერიულ წნევას ზრდის.
  6. ტონომეტრის მანჟეტსა და კანს შორის არაფერი უნდა იყოს. დასაშვებია მხოლოდ ძალიან თხელი ქსოვილი. მანჟეტი ხელზე კარგად შემოხვეული უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალიან არ უნდა გიჭერდეთ. მნიშვნელოვანია, რომ მანჟეტი გულის დონეზე მდებარეობდეს. საზომი მოწყობილობა სჯობს გულმკერდის სიმაღლეზე დაიკავოთ.

არტერიული წნევის მაჩვენებლები. იდეალური, უფრო ზუსტად ოპტიმალური არტერიული წნევაა 120/80. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არტერიული წნევის მაჩვენებლების სხვა ჯგუფებსაც გამოყოფს:

  • ჰიპოტონია: 105/60 ან უფრო ნაკლები
  • ოპტიმალური წნევა: 120/80 ან ცოტა ნაკლები
  • ნორმალური: 130/90
  • მაღალი ნორმა: სისტოლური წნევა 130-დან 139-მდე; დიასტოლური წნევა 85-დან 89-მდე
  • ჰიპერტონიის 1-ელი კლასი: სისტოლური წნევა 140-დან 159-მდე; დიასტოლური წნევა 90-დან 99-მდე
  • ჰიპერტონიის მე-2 კლასი: სისტოლური წნევა 160-დან 179-მდე; დიასტოლური წნევა 100-დან 109-მდე
  • ჰიპერტონიის მე-3 კლასი: 180-ზე მეტი 110-ზე.

თუ მაღალი არტერიული წნევა ხშირად გაწუხებთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ და ამ გადახრის მიზეზები გამოავლინეთ.