წვეულებები, საცხოვრებელის სართული, შვილების რაოდენობა და გულის დაავადების სხვა მოულოდნელი ფაქტორები

1204
photo by Gerd Altmann on Pixabay

ჩვენი ცხოვრების ზოგიერთმა ფაქტორმა შეიძლება გულზე მოულოდნელად ჭარბი დატვირთვა და დაავადების განვითარება გამოიწვიოს.

ბევრი ადამიანი საკმაოდ კარგად გათვიცნობიერებულია, თუ გულის მუშაობას რა აფერხებს – ჰიპერტონია, მაღალი ქოლესტერინი, მოწევა, ჭარბი წონა, ნაკლები ფიზიკური ვარჯიში. თუმცა რისკ-ფაქტორები შეიძლება ბევრად მეტი რამ იყოს, ვიდრე ვფიქრობთ. უბრალოდ ზოგიერთი მათგანი არც თუ ისე აშკარაა.

წვეულებები. ახალ ზელანდიაში მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ზამთარში გულის შეტევით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკი შობა-ახალი წლის პერიოდში მკვეთრად იზრდება. კერძოდ, ამ დღესასწაულებში გულით გამოწვეული სიკვდილის რიცხვი 4%-ით უფრო მეტი იყო, ვიდრე წლის სხვა პერიოდში. მეცნიერების აზრით, სადღესასწაულო დასვენებების დროს გულზე დატვირთვა შეიძლება სხვადასხვა ფაქტორემა გამოიწვიოს – ტკბილეულის და ალკოჰოლის უხვად მიღება, „ტოქსიკურ“ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, სტრესი ან ნერვიულობა, გადადებული სამედიცინო დახმარება.

ნაოჭები შუბლზე. 2018 წელს კარდიოლოგიის ევროპული საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოდგენილმა წინასწარმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომელთაც ასაკთან შედარებით შუბლზე ღრმად გამოხატული ნაოჭები აქვთ, გულის დაავადების მაღალი რისკი აქვთ. რატომ არის ნაოჭების გულის დაავადების ბიომარკერი? მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს გარკვეულწილად ათეროსკლეროზს უკავშირდება, რის გამოც ქსოვილები და ორგანოები საკმარისი რაოდენობის მკვებავ ნივთიერებებს და ჟანგბადს ვერ იღებენ.

საცხოვრებელი შენობის სიმაღლე. წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკის კანადელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მონაცემები იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც მაღალ სიმაღლეზე ცხოვრობენ, გულის შეტევის მსხვერპლნი უფრო ხშირად ხდებიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საცხოვრებელი შენობა მიწიდან რაც უფრო მაღლაა, მით უფრო სუსტდება მაგნიტური ველის ზემოქმედება.  ამ მდგომარეობასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს იმუნიტეტის შემცირება და ანთებითი პროცესების გაზრდილი რისკი, რომელიც გულის, სისხლძარღვების და ნერვული სისტემის დაავადებებს ხელს უწყობს. გარდა ამისა, სასწრაფო დახმარების გუნდს მაღლა მცხოვრებ პაციენტთან მისასვლელად უფრო მეტი დრო სჭირდება.

შვილების რაოდენობა. ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქალები, რომლებიც ერთზე მეტჯერ დაორსულდნენ, წინაგულების ფიბრილაციის (გულის არითმიის უკიდურესად საშიში ფორმა) განვითარების მაღალი რისკი აქვთ. ამ დროს გულისცემის გახშირება ან არარეგულარული გულისცემა ხდება, რაც თრომბის წარმოქმნას, ინსულტს ან სხვა გართულებას იწვევს. ამასთან მეოთხე ან უფრო მეტი ორსულობის გადატანის შემდეგ რისკი იზრდება.

საუზმე. ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად საუზმობენ, ჩვეულებრივ გულის დაავადების, ქოლესტერინის დონის და წნევის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. საუზმის გამოტოვება დიაბეტის, ჭარბი წონის და გასუქების, ასევე ათეროსკლეროზის გაზრდილ რისკს უკავშირდება.

მხრების ტკივილი. სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ადამიანები, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებისკენ მიდრეკილება, მათ შორის ჰიპერტონიის და ქოლესტერინის მაღალი დონე აქვთ, მხრების ტკივილი უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვისაც ასეთი რისკი არ აქვთ.