პირშუშხა მრავალ დაავადებას ებრძვის. მოამზადეთ სამკურნალო საშუალება და მოიწესრიგეთ ორგანიზმი.

3489
image: wikipedia.org

პირშუშხა 5-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი და ლიმონი. ასკორბინის მჟავის შემცველობით შავი მოცხარის ნაყოფს არ ჩამორჩება, პოზიციებს მხოლოდ მწიფე წითელ წიწაკას უთმობს.მასში შემავალი აქროლადი ნივთიერება, ფიტონციდები, დაავადების გამომწვევ მიკრობებს ანადგურებს. ამის გამო პირშუშხას ბაქტერიოციდული თვისებები გააჩნია. პირშუშხას სამკურნალო თვისებები მასში შემავალი ზეთის გამაღიზიანებელი და მასტიმულირებელი მოქმედებით არის განპირობებული, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების მუშაობას აუმჯობესებს, მჟავიანობას ამცირებს, მადას ზრდის და ნაღვლის ბუშტის, ასევე ნაწლავების ატონიის დაავადების დროს გვეხმარება.პირშუშხას გამოყენება მწვავე და მძიმე ფორმის დაავადებების დროს რეკომენდებული არაა, განსაკუთრებით თუ თირკმლები გაწუხებთ. თუმცა პირშუშხა შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა. ცნობილია, რომ პირშუშხა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს (სტენოკარდია, იშემიური დაავადება, ანემია) კურნავს.

პირშუშხათი მკურნალობის რეცეპტები

ხალხში პირშუშხას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. დღეს ზოგიერთ მათგანს გიზიარებთ.

  • ანგინის თავიდან ასაცილებლად 1 ს/კ გახეხილი პირშუშხას ფესვი 100 მლ ანადუღარ, გაგრილებულ წყალში გახსენით და დღეში 4-5-ჯერ ყელში გამოივლეთ. ამ ხსნარით ყელის გამოვლება განსაკუთრებით ჭამის შემდეგ სასარგებლოა. ხველის დროს ბავშვებს 1 ჩ/კ დღეში 5-6-ჯერ მიეცით. მზა ხსნარი თავდახურულ ჭურჭელში 2 დღე შეინახეთ. შემდეგ ახალი მოამზადეთ.
  • ხველის დროს ხორცის გასატარებელ მანქანაში გატარებული პირშუშხას ფესვები თანაბარი პროპორციით შაქარს ან თაფლს აურიეთ და 1 ჩ/კ ნარევი დღეში 2-3-ჯერ, გამოჯანმრთელებამდე მიიღეთ.
  • სურდოს დროს პირშუშხას ახალ გაწურული წვენი თანაბარი პროპორციით თაფლს აურიეთ და 1 ს/კ ნარევი დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ.
  • ჭამის წინ 1 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა წყალში გახსნილი რეგულარულად შეჭამეთ და დაბალი მჟავიანობის გასტრიტის პრობლემას მოიშორებთ, მადას გაიუმჯობესებთ და იმუნიტეტს გააძლიერებთ.
  • წელის ტკივილის და რადიკულიტის დროს მტკივნეულ ადგილას გახეხილი პირშუშხას კომპრესი გაიკეთეთ. მაქსიმუმ 5-10 წუთით გაიჩერეთ. პროცედურა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე გაიმეორეთ.
  • გაციების, რადიკულიტის და ართრიტის დროს 1 ს/კ გახეხილი პირშუშხა 1 ჭიქა გახეხილ კარტოფილს აურიეთ და ამ ნარევით პრობლემურ ადგილას კომპრესი გაიკეთეთ. მაქსიმუმ 2 საათით გაიჩერეთ.
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად 0,5 კგ ნედლი წითელი ჭარხალი, 100 გრ პირშუშხას ფესვი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, ყველაფერი აურიეთ და 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ან ჭამის დროს მიიღეთ.
  • პირშუშხა ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროსაც დაგეხმარებათ. 500 გრ მცენარის ფესვი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, მიღებულ ფაფას 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 24 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ, გაწურეთ და 50 მლ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.
  • პირშუშხას რძეზე დამზადებული ნაყენი ღვიძლის დაავადების დროს მიიღეთ. ემალის ქვაბში 200 მლ რძე ჩაასხით და 4 ს/კ გახეხილი მცენარის ფესვი დაუმატეთ, სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. იმწამსვე გადმოდგით, 5 წუთში გადაწურეთ და დღის განმავლობაში ყლუპებად დალიეთ. ასე გამოჯანმრთელებამდე.
  • გახეხილი პირშუშხას ნიღბის სახეზე რეგულარული გამოყენებით ჭორფლებს და პიგმენტურ ლაქებს მოიშორებთ.
  • „ძლიერი სურდოს შემდეგ ჩემ ნაცნობს ჰაიმორიტი განუვითარდა. აი, როგორ მოიშორა ჰაიმორიტი. 30 გრ გახეხილი პირშუშხას ფესვი ახალ გაწურული საშუალო ზომის ლიმონს აურია. მიღებული ნარევი ქილაში მოათავსა, თავსახური მჭიდროდ დაახურა და მაცივარში შეინახა.
  • ყოველ დილით, უზმოზე 1 ჩ/კ მიღებულ ნარევს იღებდა, დიდხანს წუწნიდა. მისი თქმით, პირშუშხას მკვეთრი სუნი თითქოს თავში უვარდებოდა, მაგრამ ითმენდა. 1 საათის შემდეგ 1 ჭიქა ახალ გაწურულ კომბოსტოს ან სტაფილო-ჭარხლის წვენს სვამდა, კიდევ 2-3 საათის შემდეგ კი უკვე საუზმობდა. მკურნალობის პერიოდში რაციონიდან ხორციანი, შემწვარი, მარილიანი, ცხარე და ფქვილიანი ნაწარმი გამორიცხა. ზუსტად 1 კვირა მკურნალობდა. ჰაიმორიტის სინუსი და ცხვირის ღრუ ბოლომდე გაეწმინდა. პროცედურა უსიამოვნოა, მაგრამ ჯანმრთელობის გამო მოთმენა ღირს.
  • დიდი ძირმაგარა. პირშუშხას ფესვი დამეხმარა. გახეხილ პირშუშხას მარლაში ვახვევდი და ჩირქგროვაზე ვიდებდი. ასე დაავადება „ამოვწვი“. ფრთხილად უნდა იმოქმედოთ, რომ არ დაიწვათ!“
  • პლევრიტს პირშუშხას დახმარებით მარტივად გაუმკლავდებით. 150 გრ გახეხილი მცენარის ფესვი 3 საშუალო ზომის ლიმონის წვენს აურიეთ და 0,5 ჩ/კ ნარევი დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ დალიეთ. ასე დაგროვებულ ლორწოს დაშლით. პირშუშხას და ლიმონის წვენის ნარევი თირკმლებს, ნაღვლის ბუშტს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს არ აღიზიანებს. რეკომენდებულია ფილტვებიდან ლორწოს გამოსადევნად, ასევე ჰაიმორიტის დროს. გარდა ამისა, ძლიერი შარდმდენი საშუალებაა და შეშუპების და წყლულების დროს იღებენ.
  • პირშუშხა ლამბლიოზსაც მოგაშორებთ. ფესვები გახეხეთ და წვენი გაწურეთ. 1 ჩ/კ (15 წლამდე ბავშვებისთვის 0,5 ჩ/კ) წვენი 100 გრ ცივ წყალში გახსენით და ჭამამდე 20 წუთით ადრე დალიეთ. ასეთი დოზა დღეში 3-ჯერ, 1 კვირის განმავლობაში (ბავშვებში 3 დღე) მიიღეთ.

უკუჩვენება

როგორც ნებისმიერ საშუალებას, პირშუშხას თავისი უკუჩვენება გააჩნია. ნაწლავების და ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითი პროცესების დროს მისი მიღება არ შეიძლება. დიდი დოზებით პირშუშხას მიღება არტერიული წნევის ზრდას იწვევს. გაზრდილი მჟავიანობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადების, ასევე ღვიძლის და თირკმლის დაავადების დროს პირშუშხას გამოყენება არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ საკვებადაც არ უნდა გამოიყენოთ. სწორედ ამიტომ, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, პირშუშხათი მკურნალობის დაწყების წინ ექიმს კონსულტანციისთვის მიმართეთ.