ბაბუაწვერას მურაბა ლიმონით: ვიტამინების ნექტარს კვირტების გაშლამდე ვამზადებ

3191

გაზაფხული – წლის საუკეთესო დროა, რამდენადაც გარშემო ყველაფერი ყვავილებში იძირება, ივსება მკვეთრი ფერებით და ცოცხლდება. ყველაზე მეტად გაზაფხულზე ის პერიოდი მიყვარს, როცა ბაბუაწვერები ყვავის. პატარა, მკვეთრი ყვავილები თითქოს გვანიშნებენ, რომ ზაფხული სულ ახლოსაა. ვუყურებ და თვალს ვერ ვწყვეტ ამ სილამაზეს…

ჩემს ეზოში უამრავი ბაბუაწვერაა, ამიტომ ვიფიქრე, როგორმე ჩემთვის სასარგებლოდ გამომეყენებინა. შემდეგ სადღაც წავიკითხე ბაბუაწვერას მურაბის შესახებ და მისი მომზადება გადავწყვიტე. რა გითხრათ – უგემრიელესი გამომივიდა. ახლა მის რეცეპტს თქვენ გიზიარებთ.

ბაბუაწვერას მურაბა

ინგრედიენტები

  • 250 ბაბუაწვერას ყვავილი
  • 1 კგ შაქარი
  • 1 ლ წყალი
  • 1 ლიმონი

მომზადება

1. პირველ რიგში, საჭიროა ყვავილების სწორად მოგროვება – ბაბუაწვერა ნათელ, მზიან დღეს უნდა მოკრიფოთ, როცა ყვავილები ბოლომდე გახსნილია. მეორეც, შეარჩიეთ ცივილიზაციისგან დაშორებული მინდორი ყვავილების მოსაკრეფად – ასე მურაბისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.

2. 250 ყვავილი რომ შეგროვდება, შეგიძლიათ მომზადებაც დაიწყოთ. მურაბის რეცეპტი წარმოუდგენლად მარტივია. მკვეთრი გემოს მისაღებად რეკომენდებულია ყვავილების გამოყენება გაურეცხავად – ასე მათზე რჩება ყვავილის მტვერი. თუმცა, თუ ყვავილების სისუფთავეში არ ხართ დარწმუნებული, თავის დაცვის მიზნით შეგიძლიათ, გარეცხოთ.

3. მურაბისთვის ჩვენ მხოლოდ ყვავილის ფურცლები გვჭირდება – მოაჭერით მაკრატლით. მოათავსეთ ფურცლები ქვაბში და დაასხით ცივი წყალი.

4. დაჭერით ლიმონი, გააცალეთ კურკები და მოათავსეთ ყვავილებთან ერთად. დადგით ეს ყველაფერი ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე. აცადეთ მურაბას გაგრილება, შემდეგ შედგით მაცივარში 10-12 საათით. ასე ბაბუაწვერები ნახარშს ფერსა და არომატს მისცემს. ამის შემდეგ გაწურეთ მარლაში, ყვავილები კარგად დაჭყლიტეთ.

5. გაწურულ ნახარშს დაუმატეთ შაქარი, დადგით მასა ცეცხლზე. მოურიეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთით. ჩაასხით მურაბა გასტერილებულ ქილებში და დააცეთ თავსახურები.

მზადაა. გაგრილების შემდეგ, მურაბა გასქელდება. კონსისტენციით იგი თაფლს ჰგავს, გემო კი… გაჯერებული ყვავილოვანი არომატი და ლიმონის მომჟაო გემო ამ მურაბას იდეალურ დანამატად აქცევს ბლინების, ალადებისა და ჩაისთვის. აუცილებლად მოამზადეთ ასეთი მურაბა ზამთრისთვის – არ ინანებთ!