თუ ბუნება გიყვართ: მოამზადეთ იასამნის სუნამო 2 დღეში

15833

პარფიუმერია – დელიკატური საკითხია, ხოლო რაც უფრო ხარისხიანია სუნამო, მით უფრო ძვირია იგი. თუმცა, უნიკალური არომატის მომზადების ტექნოლოგიები არამხოლოდ სუნამოს მწარმოებელი ქარხნებისთვისაა ცნობილი – მათი მომზადება საშინაო პირობებშიც შეიძლება. სუნამოს, რომელსაც შინ მოამზადებთ, შესანიშნავი შემადგენლობა აქვს და, რაც მთავარია, იცავს მომზადების სწორ ტექნოლოგიებს.

როგორ დავამზადოთ სუნამო საშინაო პირობებში

სუნამოს მომზადება რომ შეძლოთ საშინაო პირობებში, საჭიროა მხოლოდ შესაფერისი ჭურჭელი, ახალი ყვავილები ან ეთერზეთები და 2 დღე. ეთერზეთებისგან სუნამოს მომზადების შემთხვევაში, სულ 30 წუთი დაგჭირდებათ. ჩვენი რედაქცია სუნამოს ორ გასაოცარ რეცეპტს გთავაზობთ.

სუნამო იასამნის ყვავილებისგან

მიმზიდველი არომატი რომ შექმნათ, დიდი არაფერია საჭირო. თუ ეზოში იასამანი იზრდება, მხოლოდ 1 ბოთლი გლიცერინის შეძენა მოგიხდებათ. დანარჩენი ნებისმიერ სახლში მოიძებნება.

დაგჭირდებათ

  • მუქი შუშისგან დამზადებული ფლაკონი
  • მარლა
  • ღრმა თასი
  • ჩაის დასაყენებელი ჩაიდანი
  • 200 გ იასამნის ყვავილები
  • 400 გ წყალი
  • 5 წვეთი გლიცერინი

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ იასამნის ყვავილები, რათა გააცალოთ ყოველგვარი მწერი და ბუგრი.

2. ღრმა თასში მარლა ორ ფენად ჩააგეთ ისე, რომ კუთხეები ჭურჭლის კიდეებზე იყოს გადაკიდებული. ჭურჭელი, რომელშიც სუნამო მზადდება, შუშის ან კერამიკული უნდა იყოს. მეტალის ჭურჭელი ინგრედიენტებს აამჟავებს და სუნამო არ გამოვა.

3. ჩაყარეთ სუფთა ყვავილები მარლაში და დაასხით სუფთა წყალი ისე, რომ მან ყველა ყვავილი დაფაროს. სუნამოს წყალი გაფილტრული უნდა იყოს.

4. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური ან თეფში და დადგით ბნელ ადგილას 24 საათით.

5. ამოიღეთ ყვავილებით სავსე მარლა და მჭიდროდ განასკვეთ.

6. გადაასხით წყალი ჩაიდანში ან ემალის სარძევეში და ჩატენეთ შიგნით მარლის ნასკვიც.

7. ნელ ცეცხლზე ააორთქლეთ სითხე, სანამ ჩაიდანში დაახლოებით 1 ს.კ. წყალი არ დარჩება. წყალი არ უნდა ადუღდეს, თორემ ყვავილის სურნელი გაქრება.

8. გააგრილეთ სუნამო და გადაასხით ფლაკონში.

9. არომატი უფრო მყარი რომ იყოს, დაუმატეთ 5 წვეთი გლიცერინი.

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, იასამნის ნაზი არომატის მქონე სუნამოს მიიღებთ. იგი 3 თვის განმავლობაში ინახება გრილ,ბნელ ადგილას, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ფლაკონზე დამზადების თარიღის მითითება.

სუნამო ეთერზეთებისგან

ეთერზეთებს არამხოლოდ სასიამოვნო სურნელი, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს: ევკალიპტის ზეთი ხსნის თავის ტკივილს, ფოთოხლისა – აუმჯობესებს განწყობას, ხოლო ჟასმინის ეთერზეთი აღვივებს ლტოლვას.

ზოგიერთი ქალბატონი საყვარელ ეთერზეთს სუნამოს სახითაც იყენებს. თუმცა, თუ ერთი არომატი არ გყოფნით და არომატების მთელი ბუკეტის შექმნა გსურთ, შეგიძლიათ სუნამოში თავი მოუყაროთ რამდენიმე საყვარელ ზეთს და შექმნათ ერთი უნიკალური კომპოზიცია, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით.

დაგჭირდებათ

  • 1 შუშის ჭურჭელი
  • ეთერზეთები: 5 წვეთი ლიმონის, 3 წვეთი პიტნის, 2 წვეთი ნეროლის, 2 წვეთი ბერგამოტული ზეთი
  • შუშის პიპეტი
  • 20 მლ ეთილის სპირტი
  • შუშის ფლაკონი მზა სუნამოსთვის

სუნამოს არომატის გახსნის სამი ფაზა აქვს: საწყისი ნოტა, ძირითადი და საბაზისო. ამ ნოტების პროპორციები, შესაბამისად, 1:2:3 უნდა იყოს. თუ სუნამოს პირველად ამზადებთ, არ ღირს ერთ ჭურჭელში ათობით არომატის მოთავსება, დაიწყეთ 3 საყვარელი ზეთით.

მომზადება

1. ჩაასხით შუშის თასში სპირტი.

2. დაუმატეთ ეთერზეთები პიპეტის გამოყენებით.

3. გადაასხით სუნამო ფლაკონში და კარგად შეანჯღრიეთ.

ასე მზადდება მყარი და გამძლე სუნამო. გაითვალისწინეთ, რომ ზეთოვანი სუნამოების დატანება ცხელ ამინდებში არ ღირს ღია კანზე, რადგან პიგმენტური ლაქების დატოვება შეუძლია. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ არც ერთ კომპონენტზე არ გაქვთ ალერგია.