უმარილო პომიდვრის წვენი არტერიულ წნევას ამცირებს – კვლევა

4778

ჟურნალში Food Science&Nutrition გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმარილო პომიდვრის წვენის დალევამ შეიძლება არტერიული წნევა, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი შეამციროს.

დღეში 200 მლ პომიდვრის წვენის დალევა არტერიულ წნევას და ქოლესტერინს ამცირებდა მათში, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მაღალი რისკი ჰქონდათ.

იაპონელი მეცნიერების კვლევა

ტოკიოს სამედიცინო და სტომატოლოგიური უნივერსიტეტის (TMDU) მეცნიერები მთელი წლის განმავლობაში 481 მონაწილეს აკვირდებოდნენ. საცდელ სუბიექტებს იმდენ პომიდვრის წვენს აძლევდნენ, რამდენიც მათ სურდათ. მოხალისეები დღიურს ავსებდნენ, სადაც წერდნენ, თუ ყოველდღე რამდენ პომიდვრის წვენს სვამდნენ, ასევე ჯანმრთელობის შესამჩნევი ცვლილებების შესახებ.

შედეგები

მონაცემებმა აჩვენა, რომ მოხალისეების უმეტესობა დღეში როგორც მინიმუმ 200 მლ უმარილო პომიდვრის წვენს იღებდნენ.

94 მონაწილეს ჰიპერტენზიის ან ჰიპერტონიის პირობებში არტერიული წნევა 3%-ით შეუმცირდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტოლური არტერიული წნევა მინიმუმ 4 mmHg-ით შემცირდა, ხოლო დიასტოლური წნევა 3 mmHg-ით (140/90 mmHg და მეტი მაღალ წნევად ითვლება).

როგორ აუმჯობესებს პომიდვრის წვენი გულის ჯანმრთელობას?

მეცნიერები განმარტავენ, რომ ლიკოპენის ნაერთი, რომელიც პომიდორს ღია მოწითალო ფერს ანიჭებს, არტერიებში ფოლაქების წარმოქმნას ხელს უშლის და ამით არტერიულ წნევას ამცირებს. ლიკოპენი დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ან „ცუდი“ ქოლესტერინის გამოვლენას აფერხებს. პომიდვრის ნაერთები წვრილ ნაწლავში ცუდი ქოლესტერინის ათვისებას და ღვიძლში მის სინთეზს ხელს უშლის.