ხელნაკეთი ქოთანი ბაღისთვის: როგორ გადავაკეთოთ ძველი ჩაიდანი

5444

თუ გაქვთ სახლში ძველი ჩაიდანი და რაღაცის გაკეთების სურვილი, ჩვენ ვიცით, როგორც უნდა დაგეხმაროთ! თქვენ შეგიძლიათ ყვავილებისთვის კაშპო საკუთარი ხელებით დაამზადოთ და დეკორაციით მორთოთ ბაღი ან შემოსასვლელი ოთახი.

ასეთი ნაკეთობა შეიძლება აჩუქოთ ნაცნობებს, თუ მათ უყვართ ყვავილების მოვლა. ქოთნის იერი დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე და იმ საღებავებზე, რომლებიც ხელთ გაქვთ.

ორქიდეის ქოთანი

დაგჭირდებათ

  • ჩაიდანი
  • ხელსახოცი ლამაზი ნახატით
  • აკრილის თეთრი საღებავი ბაზისთვის
  • პვა-წებო
  • აკრილის ლაქი
  • აცეტონი
  • ქსოვილი, ფუნჯი, ღრუბელი
  • წყალი

მუშაობის პროცესი

1. აცეტონის გამოყენებით გააცალეთ ცხიმი ჩაიდანს. ნუ გამოიყენებთ ზუმფრის ქაღალდს – აზრი არ აქვს.

2. აიღეთ აკრილის საღებავი და წაუსვით ჩაიდანს ორი ფენა. პირველი ფენა წაუსვით ფუნჯით, მეორე – ღრუბლით ან გორგოლაჭით. ეს იქნება ბაზა.

3. აირჩიეთ ლამაზი ხელსახოცი. ნახატი არ უნდა აღემატებოდეს ჩაიდნის ზედაპირის ზომას. ამოჭერით ნახატი, რომელიც მოგეწონათ.

4. შეურიეთ პვა-წებო წყალთან 1:1 პროპორციით. მიადეთ ხელსახოცი ჩაიდანს და წაუსვით მასა. გამოიყენეთ რბილი ფუნჯი და ცენტრიდან კიდეებამდე წაუსვით. თუ საჭიროა, გაასწორეთ ხსნარში ჩალბობილი თითებით, მთავარია, ბუშტუკები არ დარჩეს.

5. ღრუბლისა და აკრილის ლაქის გამოყენებით, გალაქეთ ჩაიდნის ზედაპირი. შეგიძლიათ ლაქს ცოტაოდენი საღებავიც დაუმატოთ და კაშპოს ფერი შეცვალოთ.

6. აიღეთ მწვანე საღებავი და წაუსვით ჩაიდნის ცხვირსა და იმ ნაწილებს, რომელთა შეღებვასაც საჭიროდ მიიჩნევთ.

7. სურათის სრულყოფისთვის, ცოტაოდენი საღებავი წაუსვით ფუნჯს და შეაშხეფეთ ჩაიდნის თეთრ ზედაპირზე. მიიღებთ წვრილ შხეფებს.

8. გააშრეთ ქოთანი და ზოგ ადგილას გადაატარეთ ზუმფრის ქაღალდი – ეს ზედაპირს გახუნების საინტერესო ეფექტს მიანიჭებს. დაფარეთ შედეგი ლაქის რამდენიმე ფენით, თუ საჭიროა, დაამუშავეთ სახელური ანტიკოროზიული საშუალებით.

ასეთი ნაკეთობა ბაღში წლობით შეიძლება იდოს. მთავარია, მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით სითხე არ მოხვდეს. ასევე, შეგიძლიათ კაშპო სხვადასხვა შუშით მორთოთ.

იმედია, ამ შემოქმედებით დავალებას გაუმკლავდებით და შექმნით მრავალ საინტერესო ნაკეთობას.