ყავა, როგორც ცხიმის მწველი: მეცნიერები გახდომაზე მის გავლენას ადასტურებენ

2105

მეცნიერების მიერ მიღებული მონაცემები ადასტურებს, რომ ყავა ყავისფერი ცხიმის უჯრედების აქტივობას ხელს უწყობს, რის წყალობითაც მოქმედებს, როგორც თეთრი ცხიმოვანი ქსოვილების მწველი. მეცნიერები ადასტურებენ, რომ პოპულარული სასმელი გახდომაზე გავლენას ნამდვილად ახდენს.

ბოლო დროს ყავის რეპუტაცია გაუმჯობესდა: სხვადასხვა კვლევის შედეგებმა მისი მოხმარების დადებითი ეფექტები აჩვენეს. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ ყავა თავის ტვინის დეგრადაციისგან გვიცავს, შაკიკის მკურნალობაში გვეხმარება და სიცოცხლის გახანგრძლივების ეფექტს იძლევა.

ნოტინგემის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებმა მისი სხვა უპირატესობაც გამოავლინეს: მათი დასკვნების თანახმად, რომელიც Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, ყავა მოქმედებს როგორც ცხიმის მწველი, წონის დაკლებას ხელს უწყობს და შეიძლება დიაბეტის სამკურნალო დამხმარე საშუალებად გამოყენებულ იქნას.

მკვლევარებმა ღეროვან უჯრედებზე ლაბორატორიული ცდებით აღმოაჩინეს: კოფეინი უჯრედების კულტურებში ყავისფერი ცხიმის აქტივობას ზრდის.

მეცნიერები განმარტავენ: ადამიანის ორგანიზმი ფლობს ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილებს, რომელთაც ძალიან მოკლე დროში ენერგიის და სითბოს უზრუნველყოფა შეუძლიათ – ამ პროცესს თერმოგენეზს უწოდებენ. თერმოგენეზის განსახორციელებლად ყავისფერი ცხიმი ინტენსიურად წვავს შაქარს, ცხიმს, კალორიას და, შესაბამისად, წონის კლებაზე ეფექტურ გავლენას ახდენს.

მეცნიერებმა ყავისფერ ცხიმოვან ქსოვილებზე ყავის გავლენა ადამიანებზე ექსპერიმენტებით შეამოწმეს – მათ სასმელს აძლევდნენ და თერმული გამოსახულების ტექნოლოგიიის გამოყენებით ცხიმოვანი უჯრედების აქტივობას აანალიზებდნენ.

ცდებმა დაადასტურა: ყავის მოხმარების შემდეგ ყავისფერი ცხიმი გახურდა, ანუ თერმოგენეზი დაიწყო, რომლის დროსაც მისმა უჯრედებმა აქტივობა გაზარდეს და კალორიები უფრო ინტენსიურად დაწვეს.

მეცნიერების თქმით, ეს საუბრობს იმაზე, რომ ყავა წონაში დაკლებას ხელს უწყობს.

ისინი გვირჩევენ, სასმელის გახდომაზე გავლენა დიაბეტთან საბრძოლველად გამოვიყენოთ.

„სიმსუქნე საზოგადოების ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დიაბეტით იტანჯება. ყავაზე ყავისფერი ცხიმოვანი ქსოვილების გავლენა შეიძლება პრობლემის გადაჭრის მთავარი გასაღები გახდეს“ – აცხადებენ კვლევის ავტორები.