ღეროვანი უჯრედების რეაქციამ აჩვენა, რომ თევზის ქონი დეპრესიის დროს დაგეხმარებათ

761

„მოლეკულურ ფსიქიატრიაში“ (Molecular Psychiatry) გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ზრდასრული ადამიანიდან მიღებული ღეროვანი უჯრედები შეიძლება სერიოზული დეპრესიული აშლილობის მოდელირებისა და პაციენტში მედიკამენტზე რეაქციის შესამოწმებლად გამოიყენონ.

დეპრესიის კლინიკური დიაგნოზის მქონე ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ილინოისის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თევზის ქონი მოდელზე ტესტირებისას ანტიდეპრესანტულ პასუხს იძლევა.

კვლევის წამყვანი ავტორი, მარკ რასენიკი ამბობს, რომ კვლევა რიგ ახალ აღმოჩენებს მოიცავს, რომელთა საშუალებით მეცნიერები შეძლებენ უკეთ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ტვინი და რატომ რეაგირებს ზოგიერთი ადამიანი დეპრესიის მედიკამენტურ მკურნალობაზე უკეთ, მაშინ როცა, ზოგიერთი ადამიანი ანტიდეპრესანტების მიღებით შეზღუდულ სარგებელს იღებს.

„საინტერესო იყო მეცნიერული მტკიცებულებების პოვნა, რომ თევზის ქონი, ხელმისაწვდომი ნატურალური პროდუქტი, შეიძლება დეპრესიის სამკურნალო ეფექტური საშუალება იყოს“ – ამბობს რასნიკი, ფიზიოლოგიის, ბიოფიზიკის და ფსიქიატრიის პროფესორი სამედიცინო კოლეჯში.

კვლევის შედეგები

„ჩვენ ვნახეთ, რომ თევზის ქონი მოქმედებს გლიალურ უჯრედებზე და არა ნეირონებზე. წლების განმავლობაში მეცნიერები ტვინში ნეირონების ირგვლივ მდებარე ამ ტიპის უჯრედებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ მათ დეპრესიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ. ჩვენი კვლევა ვარაუდობს, რომ ნეიროგლია ანტიდეპრესანტების მოქმედებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს“.

კვლევამ აჩვენა, რომ ღეროვანი უჯრედების მოდელი შეიძლება გამოყენებულ იქნას მკურნალობაზე რეაქციის შესასწავლად და რომ თევზის ქონი დეპრესიის სამკურნალოდ ან დამატებითი მკურნალობის სახით გამოსაყენებლად დამატებით შესწავლას მოითხოვს.