ყველაზე სასარგებლო ხილი ყაბზობის მოსაშორებლად

1691
photo: Original author - Rama, Vectorisation - Fred the Oyster from wikipedia

ყაბზობა ბუნებრივი გზით რომ მოიშოროთ და საჭმლის მონელება გააუმჯობესოთ ახალი, უჯრედისით მდიდარი ხილის მიღება ძალიან სასარგებლოა. ასეთ ხილს მიეკუთვნება ვაშლი, მსხალი, შავქლიავი და სხვა.

სტატისტიკის მიხედვით, ყაბზობა ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. მას ძალიან უსიამოვნო სიმპტომები ახლავს: მადის დაკარგვა, შებერილობა, კუჭში გასვლის დროს ძლიერი დაძაბულობა, გულისრევა, მუცლის სპაზმები და ტკივილი. ასეთ სიტუაციაში ბევრი საფაღარათო საშუალებებით ექსპერიმენტებს ატარებს და ხშირად მათზე დამოკიდებული ხდებიან. თავის მხრივ, ყაბზობა შეიძლება ქრონიკული გახდეს, რაც სხვადასხვა პრობლემებს გამოიწვევს და ცხოვრებას ძალიან გაგირთულებთ.

ყაბზობის თავიდან ასაცილებლად, გაუწყლოებას თავი უნდა აარიდოთ და უჯრედისით მდიდარი პროდუქტები მიირთვათ. თუ ხილზე ვსაუბრობთ, ამ კონკრეტული პრობლემების მოსაშორებლად რაციონში შემდეგი ხილი ჩართეთ:

ვაშლი. ერთი საშუალო ზომის ვაშლი დაახლოებით 4 გრ უჯრედისს შეიცავს, რაც რეკომენდებული დღიური ნორმის 17%-ია. ვაშლი უჯრედისის ერთ-ერთ სახეობას პექტინებს შეიცავს, რომელიც განავალს არბილებს და ნაწლავებიდან მის გამოდევნას ამარტივებს.

ყურძენი. ყურძენი ყაბზობის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთ საუკეთესო ნატურალურ პროდუქტს წარმოადგენს. 100 გრ ყურძენი 4 გრ საკვებ ბოჭკოებს და ბევრ წყალს შეიცავს, რაც ნაწლავების აქტიური მუშაობისთვის იდეალური კომბინაციაა. მისი მიღება კუჭში რეგულარულად გასვლას ხელს შეუწყობს.

მანგო. მისი ნაყოფი უჯრედისით, C და A ვიტამინებით მდიდარია, რაც ნაწლავების მიკროფლორისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ასევე მანგო ბევრ წყალს შეიცავს, რაც ნაწლავების მოძრაობის სტიმულირებას ხელს უწყობს.

ფორთოხალი. ფორთოხალში შემავალი საკვები ბოჭკოები (ეს ხომ უჯრედისია) რეკომენდებული დღიური ნორმის 13%-ს შეადგენს, ხოლო C ვიტამინი მთელ 116%-ს. C ვიტამინი საფაღარათო მოქმედებას ფლობს, ამიტომ ფორთოხლის მიღება ყაბზობის დროს დაგეხმარებათ.

ანანასი. კიდევ ერთი ხილი, რომელიც უჯრედისის და C ვიტამინის მაღალი კონცენტრაციის (131%) კომბინაციას წარმოადგენს. საუზმის ან ვახშმის მიღების შემდეგ ახალი ანანასი შეჭამეთ და ანანასის წვენი დალიეთ. ასე საჭმლის მომნელებელ სისტემას გააუმჯობესებთ.

მსხალი. ტკბილი და წვნიანი მსხალი 6 გრ საკვებ ბოჭკოებს და 7 მგრ C ვიტამინს შეიცავს. მსხალი კანიანად შეჭამეთ, რადგან უჯრედისის ნახევარი სწორედ აქ მდებარეობს.

შავქლიავი. შავქლიავი ხსნად და უხსნად ბოჭკოებს შეიცავს. 1 ფინჯანი შავქლიავი 12 გრ უჯრედისს შეიცავს. შავქლიავი მდიდარია მაგნიუმით, მანგანუმით, ნიაცინით, კალიუმით და A, B6 და K ვიტამინებით.

თუ ყაბზობა ხშირად გაწუხებთ, თავი აარიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, როგორიცაა ყველი, ორცხობილა, შემწვარი საკვები, ნაყინი და რაფინირებული ფქვილის ნაწარმი.