რომელი ნივთები უნდა გადაყაროთ ახალ წლამდე

0
2432

თითოეული ჩვენგანი, ახალი წლის საღამოს, საკუთარ თავს აძლევს პირობას იმის შესახებ, რომ ამ წელს უფრო პროდუქტიულს გახდის, ვიდრე წინას. ე.წ. ახალი ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, საყვარელი დღესასწაულისთვის მზადება დღეიდანვე დაიწყოთ.

ამიტომ, ახლა ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეიძლება – მოიშორეთ ის ნივთები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში არ შეხებიხართ. ძველი, უსარგებლო ნივთები, დარჩენილი ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ არა უზარმაზარ ყუთებში, რომლებიც საცხოვრებელ სახლს ავსებს.

ხოლო მათთვის, ვინც საბოლოოდ შეეგუა საყვარელ ხარახურებს, გვაქვს 5 ნივთისგან შემდგარი სია, რომელიც საცხოვრებლის დალაგებასა და გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

უსარგებლო ნივთები

1. დამტვრეული ნივთები

თუ ჯერ კიდევ ინახავთ დამსხვრეულ ჭურჭელს, 10 წლის წინ დაზიანებულ საყოფაცხოვრებო ტექნიკას ან გაცვეთილ საფულეს, გირჩევთ, დაუყოვნებლივ მოიშოროთ ეს ყველაფერი.

საქმე ისაა, რომ მსგავსი ხარახურა არამხოლოდ იკავებს ძვირფას სივრცეს, არამედ ძლიერი მაგნიტიცაა ცუდი ენერგეტიკისთვის. ძველი ნივთების გადაყრისას იმაზე იფიქრეთ, რომ შედეგად რაღაც ახალი, უკეთესისთვის გაჩნდება ადგილი.

2. ჟურნალების კოლექცია

ვინ არ კითხულობდა ჟურნალებს, ინტერნეტის არარსებობის დროს? ბევრს დღემდე აქვს შენახული მათი კოლექციები. თუმცა, გულწრფელად თქვით, რამდენად ხშირად ფურცლავთ ამ ლიტერატურას?

გარდა ამისა, ეს ჟურნალები იკავებს ადგილს, იგროვებს მტვერს, ტკიპებსა და კიდევ ბევრ რამეს… ამიტომ, თუ საინტერესო ფოტოების ნახვა გსურთ, მოიძიეთ ინტერნეტში.

3. ძველი პირსახოცები და ზეწრები

ახლა დიასახლისთა უმეტესობა წამოდგება და ერთხმად იტყვის: “რატომ უნდა გადავაგდო დახეული ზეწარი, როცა მისგან ამდენი ტილოს გაკეთება შეიძლება?!” ამ არგუმენტზე ნათელი მაგალითით გიპასუხებთ: ამავე წარმატებით შეგვიძლია, 90-იანებივით, ვიაროთ დამცავი კაპრონის კოლგოტებით.

ამიტომ, თუ ასე გენანებათ ძველი საწოლის თეთრეული, აჩუქეთ დედამთილს ან ბებიას – ტილოებად ისინიც გამოიყენებენ.

4. ნივთები, რომლებიც გაღიზიანებთ

ხშირად, სახლში, ჩვენი ნების გარეშე, ჩნდება უამრავი ნივთი, რომლებიც გვაღიზიანებს. თუმცა, მათ გადასაყრელად ხელი გვიკანკალებს: ეს ყულაბა ხომ ბებიამ მაჩუქა, ხოლო ეს ძველი სერვიზი ქორწილის დროიდან შემომრჩა. მრავალი წლის მანძილზე, ასეთი უამრავი ხარახურა გროვდება.

ამიტომ, თუ გრძნობთ, რომ ეს ნივთები უკვე კი არ გახარებთ, გაღიზიანებთ კიდევაც, აიღეთ ფოტოაპარატი და გამოაქვეყნეთ თქვენი განძეულის გაყიდვის შესახებ განცხადება.

5. ის, რაც უსარგებლოა ცხოვრების ამ ეტაპზე

ბევრი ჩვენგანი დღემდე ინახავს ძველ სახელმძღვანელოებს, კონსპექტებსა და სავარჯიშო რვეულებს სკოლისა და სტუდენტობის დროიდან მოყოლებული. უკვე ახლავე უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რომელი ნივთები გჭირდებათ ცხოვრების მიმდინარე ეტაპზე, და სწრაფად მოიშოროთ წარსულის ტვირთი.

გაათავისუფლეთ საკუთარი თავი და სივრცე ზედმეტი ნივთებისგან დღესვე. გისურვებთ, რომ ახალ წელს თქვენთან უამრავი საჩუქარი და სასიამოვნო სურპრიზი მოვიდეს.

თქვენ გაქვთ მსგავსი ნივთები სახლში? რისთვის ინახავთ?

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი