როგორ მოვამზადოთ ფარშირებული სკუმბრია ღუმელში

3377

თევზის მომზადების ასობით რეცეპტი არსებობს სხვადასხვა ინგრედიენტისა და მარინადის გამოყენებით. მე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეცეპტად ვთვლი ხახვითა და პომიდვრით გატენილი გამომცხვარი სკუმბრიის რეცეპტს. მომზადება დიდ დროს არ მოითხოვს, გემო კი ყველას მოეწონება. გარდა ამისა, ბოსტნეულით გატენილი სკუმბრია ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ არამხოლოდ საოჯახი ვახშმის, არამედ სადღესასწაულო სუფრისთვისაც სავსებით შესაფერისი კერძია.

ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გამოაცხოთ სკუმბრია ისე, რომ კერძი სრულყოფილი გამოვიდეს.

როგორ მოვამზადოთ სკუმბრია

ინგრედიენტები

  • 2 სკუმბრია
  • 1 პომიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • 0.5 ლიმონი
  • 3 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 0.5 ჩ.კ. თევზის სანელებლები
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დასაწყისისთვის, მოამზადეთ ყველა პროდუქტი: გარეცხეთ ბოსტნეული და გამოშიგნეთ თევზი – გააცალეთ სკუმბრიას თავი, ფარფლები და შიგთავსი. უნდა აღვნიშნოთ, რომ გაყინულ თევზთან ყველა ამ პროცედურის ჩატარება გაცილებით მარტივია, ვიდრე უმთან.

2. შემდეგ დაიწყეთ მარინადის მომზადება: მცირე ჭურჭელში შეურიეთ ზეთი, სოიოს სოუსი, სანელებლები, მარილი და პილპილი.

3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე ალუმინის ფოლგა და მოათავსეთ მასზე მომზადებული თევზი. შემდეგ კარგად გაჟღინთეთ იგი მარინადით (შიგნიდანაც და გარედანაც). დააყენეთ სკუმბრია ასე 15 წუთით და ჩართეთ ღუმელი გასახურებლად.

4. ახლა მოამზადეთ ბოსტნეული. გაასუფთავეთ და დაჭერით თხელ რკალებად ხახვი, შემდეგ დაჭერით პომიდორიც და ლიმონიც.

5. ამ ეტაპზე თევზის გატენვას უნდა შეუდგეთ. გატენეთ სკუმბრია ბოსტნეულით და მოათავსეთ ზურგზე, რათა, ცხობისას, მისგან წვენი არ გადმოვიდეს.

6. მოასხით ზემოდანი ცოტაოდენი ლიმონის წვენი, დაუმატეთ ოხრახუში და წაუსვით მაიონეზი.

7. დაახურეთ საცხობ ფორმას ფოლგა და დააფიქსირეთ.

8. შემდეგ შედგით სკუმბრია ღუმელში და აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.

9. შემდეგ გამოიღეთ მზა თევზი, მოხსენით ფოლგა და ისევ შედგით 10 წუთით, რათა ოქროსფერი ქერქი გაჩნდეს.

მაშინაც კი, თუ თქვენ არ ხართ მოხერხებული კულინარი, ამ რეცეპტში ვერაფერს გააფუჭებთ – შეუძლებელია! მთავარია, იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ ხარისხიანი და ახალი პროდუქტი და კერძი შესანიშნავი გამოგივათ.

გემრიელად მიირთვით!