5 მითი, რომლებიც სტომატოლოგის შიშს გვინერგავს: იმედგაცრუება და რეკომენდაციები

856

სტომატოლოგთან ვიზიტის საჭიროება ყოველთვის იწვევს ჟრჟოლას. ეს არამხოლოდ იმიტომ, რომ კბილებზე სხვადასხვა მანიპულაციის ატანა გვიწევს. ბევრი პაციენტი შიშით ელოდება ქვითარს მკურნალობის შემდეგ – უსარგებლო პროცედურებისთვის ზედმეტი თანხის გადახდა არავის სურს.

ამის თავიდან აცილების გამო, ჩნდება მითები სტომატოლოგიური მკურნალობის შესახებ. გთავაზობთ მათგან ყველაზე გავრცელებულებს:

1. “ინტერნეტში ჩემი სიმპტომების შესახებ წავიკითხე და ექიმზე უკეთ ვიცი, რისი გაკეთებაა საჭირო! ვერ გამაცურებთ!”

ეს დიდი შეცდომაა! ინტერნეტში დადებული სტატიები მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, ისინი სუბიექტურია და პროფესიონალების მიერ იშვიათად იწერება. პაციენტისთვის სიმპტომთა მხოლოდ ერთი-ორი კომპლექსია ნაცნობი, რომელთაც პირადად შეხვედრია, ამ მოკრძალებული ცოდნით კი დიაგნოზის დასმას ცდილობს, რაც ნამდვილად არაა სწორი. ექიმი 5 წლის განმავლობაში სწავლობს უნივერსიტეტში, შემდეგ კი დამატებით პოსტდიპლომურ განათლებას იღებს, რაც, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 8 წლამდე გასტანს. იქ, სადაც პაციენტი მხოლოდ ზედაპირულ სიმპტომებს ამჩნებს, სტომატოლოგი, თავისი კლინიკური გამოცდილებისა და ცოდნიდან გამომდინარე, ზუსტად სვამს დაავადების დიაგნოზს.

გარდა ამისა, პაციენტები ვერ დაიტრაბახებენ რენტგენული მხედველობით, სუპერმენისგან განსხვავებით, ექიმის განკარგულებაში კი სპეციალური მოწყობილობაა ზუსტი დიაგნოზის დასასმელად: რენტგენოლოგიური აპარატები, კონუსურ-სხივურ ტომოგრაფიის აპარატი და ა.შ. და მაინც, პაციენტსაც უნდა გავუგოთ, როც არ სურს ზედმეტი ფულის ხარჯვა მკურნალობაზე ან რადიკალური პროცედურის ჩატარება.

2. “რატომ მაიძულებს ექიმი კბილების მკურნალობას ბრეკეტების დაყენებამდე? ალბათ უნდა, ფული გამომტყუოს!”

ორთოდონტული მკურნალობა 6 თვიდან 2 წლამდე დროს საჭიროებს. ამ დროის განმავლობაში, კბილი, რომელზეც ბრეკეტი ან ნებისმიერი სხვა დამჭერი სისტემაა დაყენებული, იზოლირებულია, მისი მკურნალობა ძალიან რთულია. ასევე, ბრეკეტის ქვეშ შეიძლება განვითარდეს უკვე არსებული კარიესი. კარიესული ლაქა რამდენიმე წელიწადში პულპიტში ან პერიოდონტიტში შეიძლება გადაიზარდოს, შედეგად კი კბილის ამოღების საჭიროება დგება. ბრეკეტ-სისტემაში არსებობს უამრავი ელემენტი, რომლებიც ფარავს ხილვადობას და ექიმს უჭირს “მტრის” გამოვლენა დროულად.

ასევე, ბრეკეტის კბილზე დაწებების დროს, ჩნდება კარგი პირობები კბილის ნადებისთვის, რომელიც ყველა პაციენტში წარმატებით ვერ იშლება. ამიტომაა საჭირო სანაცია ორთოდონტულ მკურნალობამდე.

3. “გამაყუჩებელი? არასდროს! ეს ძალიან მავნებელია!”

ასეთი მითი პოპულარულია უფროს თაობაში, რომლის წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ გამაყუჩებლის მხოლოდ ერთი ტიპი არსებობს. ამასთან, არსებობენ ისეთი პაციენტები, რომლებსაც ყველაზე უწყინარი პროცედურების ჩატარება არ უნდათ ანესთეზიის გარეშე, ზოგიერთი კი კბილის ამოღებასა და მსგავს სისხლიან მანიპულაციებს გაუტკივარების გარეშე თანხმდება.

თუმცა, ნებისმიერ მკურნალობას უნდა ახლავდეს ადეკვატური გაუტკივარება, ექიმმა თავისი მანიპულაცია მშვიდად უნდა ჩაატაროს, იმის მოლოდინის გარეშე, რომ პაციენტი წამოხტება სავარძლიდან მაშინ, როცა მის კბილს ბურღავს. ინტენსივობის მიხედვით ხომ სტომატოლოგიური ტკივილი მესამე ადგილზეა ღვიძლისა და თირკმლების კოლიკის შემდეგ! თანამედროვე სტომატოლოგიაში უდიდესი ყურადღება ეთმობა პაციენტის კომფორტს მკურნალობის დროს, პირველ რიგში კი – ანესთეზიას. ახლა გაუტკივარების მრავალი სახეობა არსებობს, დაწყებული ზედაპირულით, დასრულებული საერთო ანესთეზიით.

4. “იმპლანტი? არავითარ შემთხვევაში! ეს ანესთეზიაზე უფრო მავნეა!”

იმპლანტაციის შიში(პირში რაღაც მეტალის საგანი, საშინელებაა!) სავსებით გასაგებია, თუმცა გაუმართლებელი. იმპლანტი – ესაა მიკროპროთეზი, რომელიც ძვლოვან ქსოვილში ყენდება და ახდენს არარსებული კბილის ძირის იმიტაციას. დაქტობრივად, იგი წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, რომელზეც ფიქსირდება კბილის ფორმის გვირგვინი.

თუ იმ მასალასა და მის ხარისხზე ვისაუბრებთ, რომელიც იმპლანტის დასამზადებლად გამოიყენება – ესაა გარკვეული კატეგორიის ფორებიანი ტიტანი. იგი განსაკუთრებულად მუშავდება და სტერილიზდება. პრინციპში, მასალა ერთნაირია ყველა იმპლანტისთვის და უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

5. “რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი ამ იმპლანტში? ხომ არსებობს სხვა, უფრო იაფი?”

ერთი შეხედვით, პაციენტს ეჩვენება, რომ მის გაცურებას ცდილობენ, რადგან ვიზუალურად იგი ვერ იგებს, რა განსხვავებაა სხვადასხვა ფირმის იმპლანტს შორის. საკვანძო მომენტია იმპლანტის მწარმოებელი ფირმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა სანდოდ. თუ ფირმა იმპლანტების წარმოებით დიდი ხანია დაკავებული, მას მილიონზე მეტი კლინიკური შემთხვევა ექნება, რომლებიც ამტკიცებს, რომ მათი პროდუქცია სტაბილურობას მრავალი წლის შემდეგაც ინარჩუნებს. ამ პარამეტრს იმპლანტის გადარჩენისუნარიანობა ეწოდება. რაც უფრო მაღალია იგი, მით უფრო მაღალია მისი ფასიც.

და თუ მწარმოებელი ფირმა 10 წელზე ნაკლებისაა, მას არასაკმარისად ექნება კლინიკური და კვლევითი ბაზა, ამ იმპლანტის გამოყენების გამოცდილება, ამიტომაც, გაცილებით იაფი ეღირება. ღირს ამაზე ეკონომიის გაკეთება? თუ იმპლანტი კლინიკურადაა გამოცდილი, აქამდე პრობლემები არ გამოუცდია, არ გატეხილა, რა თქმა უნდა, უპირატესობა მას უნდა მიანიჭოთ.