დაავადებების პროფილაქტიკა: როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი

1421

1. როგორ გავიგოთ, რომ ფარისებრი ჯირკვალი შემოწმებას საჭიროებს?

თუ მშრალი კანი და უსიცოცხლო თმა გაქვთ, თუ წონაში იმატებთ ან გახდომას ვერ ახერხებთ, მიუხედავად ვარჯიშებისა, თუ მადა არ გაქვთ, განწყობა საქანელას გაგონებთ, დაღლილობას კი დილიდანვე გრძნობთ, თუ კრიტიკული დღეები დაურეგულირებელია, უყურადღებო, დაბნეული და გაღიზიანებადი გახდით – ეს ყველაფერი იმის საბაბია, რომ ფარისებრი ჯირკვალი შეამოწმოთ. ეს მცირე ზომის, პეპლის მსგავსი ორგანო მართავს მთელი ორგანიზმის – ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, სასქესო ჯირკვლების, გულისა და სისხლძარღვების, ნერვული სისტემის და ა.შ. – ფუნქციონირებას, და მისი ფუნქციის დარღვევა სხვადასხვა, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან არავითარ კავშირში მყოფ პრობლემას იწვევს.

2. რა ანალიზებია საჭირო?

არსებობს სამი მნიშვნელოვანი კვლევა, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის სრულყოფილას შეფასების საშუალებას იძლევა: ულტრაბგერითი გამოკვლევა, სისხლის ანალიზი თირეოტროპულ ჰორმონზე(TTH) და თავისუფალი თიროქსინი(T4 თავისუფალი). უბ-გამოკვლევა შესაძლებელია ყველაზე ადრეულ სტადიებზე, როცა ჯერ კიდევ არ გვხვდება გარეგანი გამოვლინებები, მასზე ჩანს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გაზრდა ან გასქელება, კვანძები და ა.შ. TTH და T4 თავისუფალი აჩვენებს, როგორ ფუნქციონირებს ჯირკვალი – გამოიმუშავებს თუ არა იგი საკმარის ჰორმონებს. ექიმი დანიშნავს დამატებით კვლევებსაც, თუმცა ეს აუცილებელი მინიმუმია.

3. შეიძლება თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა 25-30 წლის ასაკში გაჩნდეს?

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან თანდაყოლილია, ან მემკვიდრეობით გადაეცემა, თუმცა, ცდებიან. ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს(ნებისმიერი სქესის ადამიანში, უფრო ხშირად – ქალებში) იმუნური სისტემის დაქვეითების გამო, მშობიარობის ან გადატანილი დაავადებების, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზის, წითელას, პაროტიტისა და მრვი-ს შემდეგაც კი. ასე, რომ პერიოდულად შეამოწმეთ, როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი, მაშინაც კი, თუ ოჯახში არავის ჰქონია ენდოკრინული დაავადება. ხოლო თუ ფეხმძიმობას გეგმავთ, უკვე ელოდებით ბავშვს ან ძუძუთი კვებავთ, შემოწმება აუცილებელია. მომავალი დედა აქტიურად უყოფს ნაყოფს იოდს, ამ ელემენტის უკმარისობა კი ნაყოფის ტვინისა და კოგნიტური შესაძლებლობების განვითარებაზე აისახება. თუ იგი იოდის მსუბუქ დეფიციტსაც კი განიცდის ადრეულ ბავშვობაში, ეს IQ-ს 10 ერთეულით შეამცირებს.

4. რაში სჭირდება ფარისებრს იოდი, ჩვენ კი – იოდიზებული მარილი?

იოდი ფარისებრ ჯირკვალს ჰორმონების წარმოებისთვის სჭირდება. თუ იგი არაა საკმარისი, ჯირკვალი სიტუაციის გამოსწორებას მოცულობაში გაზრდით ცდილობს. ამ მდგომარეობას ჩიყვი ეწოდება. იოდი არ გროვდება ორგანიზმში, იგი ყოველდღიურად უნდა ხვდებოდეს მასში საკვებთან და წყალთან ერთად. თუმცა, ბევრი ქვეყანა განიცდის ბუნებრივი იოდის დეფიციტს. ამის გამოსწორების მარტივი საშუალება პროდუქტის, მათ შორის, მარილის იოდიზებაა. დაუმატეთ კერძებს ასეთი მარილი და დაეხმარეთ ფარისებრ ჯირკვალს.

5. რა უნდა ვჭამოთ და დავლიოთ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის?

იოდით მდიდარ პროდუქტს ნამდვილად შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების მხარდაჭერა, თუ მათ რეგულარულად და დიდი რაოდენობით მიირთმევთ. მიირთვით ზღვის პროდუქტი – კალმარი, კრევეტები, მიდიები, სხვა მოლუსკები და ზღვის კომბოსტო ლამინარია. მართალია ნაკლებად, თუმცა იოდს შეიცავს ზღვის თევზების სხვადასხვა სახეობა. ხოლო თუ იოდის დეფიციტის პროფილაქტიკაზე ვსაუბრობთ, მარილი ყველაზე მარტივი და საიმედო საშუალებაა, რადგან მას, კრევეტებისგან განსხვავებით, ყოველდღე მივირთმევთ.

6. შეიძლება თუ არა გარუჯვა ფარისებრი ჯირვლის პრობლემების დროს?

დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ნებისმიერი სახის დარღვევა ნიშნავდა მზის მკაცრ აკრძალვას: არ შეიძლებოდა არამხოლოდ მზეზე გასვლა, არამედ სამხრეთის ქვეყნებში წასვლაც კი ზაფხულში. რეალურად, ეს მითია. ზოგიერთი პრობლემის, მაგალითად, ჰიპერთირეოზის დროს, რეკომენდებულია მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან თავის არიდება. ჰიპოთირეოზის დროს კი პლაჟზე ყოფნა არამხოლოდ არაა უკუჩვენებული, არამედ სასარგებლოც კია. არავის, რა თქმა უნდა, არ გაუუქმებია ელემენტარული და უნივერსალური წესები აქტიური მზისგან დასაცავად, იქნება ეს სანსკრინი, ქუდი თუ სათვალე.