ვთესავთ და მოგვყავს მანდარინი ქოთანში, არ მეგონა ასეთი მარტივი თუ იქნებოდა.

4191

თუ მცენარეები და ნატურალური პროდუქტი გიყვართ, დარწმუნებული ვარ, მანდარინის მოყვანის იდეა ქოთანში დაგაინტერესებთ. მართალია, ეს ხანგრძლივი, თუმცა მარტივი პროცესია.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ დაწვრილებით ინსტრუქციას მანდარინის ქოთანში მოსაყვანად.

როგორ გავზარდოთ მანდარინი ქოთანში

1. მანდარინის დასარგავად დაგჭირდებათ თესლი, უფრო სწორად კურკები, რომელთა “მოპოვებაც” მაღაზიაში ნაყიდი მანდარინისგან შეგიძლიათ. კარგი იქნება, თუ 5-10 კურკამდე მოაგროვებთ, რადგან ყველა ვერ შეძლებს ამოცენებას.

2. გაახვიეთ კურკები მარლაში და ჩაალბეთ წყალში რამდენიმე დღით, სანამ კარგად არ გასივდება.

3. დარგვისთვის ოპტიმალური ნიადაგია ყვავილების მაღაზიაში შეძენილი სპეციალური მიწა ციტრუსისთვის, თუმცა, მანდარინს ნებისმიერი მსუბუქი მიწის ნაზავი უხდება. მაგალითად, თუ თანაბარი პროპორციებით შევურევთ ტორფსა და ფოთლოვან მიწას, შერეულს ნეშომპალასა და ჰუმუსთან, მიიღებთ შესანიშნავ ნიადაგს მომავალი ხისთვის. ტორფზე დამზადებული მასის არც დამზადება და არც შეძენა არ ღირს. არ დაგავიწყდეთ დრენაჟის აუცილებლობის შესახებაც.

მანდარინის ნერგების გასაჩენად საკმაოდ დიდი დროა საჭირო – პირველი შესამჩნევი ნერგვი 2-3 კვირაში, ხანდახან კი 1 თვეში ამოდის.

4. მანდარინი, ზოგადად, ძალიან ნელა იზრდება, ხანდახან კი ზრდას წყვეტს. თუმცა, თუ იმედსა და ენთუზიაზმს არ დაკარგავთ და მას შესაბამისად მოუვლით, მიიღებთ ლამაზ, გაფურჩქნილ ხეს.

5. რა თქმა უნდა, მანდარინი არაპრეტენზიული ხეა(როგორც ციტრუსებს, ისე სხვა მცენარეებს შორის), თუმცა, მოვლის ზოგიერთი წესი აუცილებლად უნდა დაიცვათ. ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა მისთვის არის მზის სხივების სიჭარბე. სინათლისმოყვარული მანდარინისთვის დღეში 12-საათიანი განათება მთელი წლის განმავლობაში აუცილებელია.

6. მანდარინის სუსტი მხარეა ტენიანობაც. ზაფხულში იგი ჭარბად უნდა მორწყოთ, ოღონდ არ ჩაახრჩოთ, ზამთარში კი რწყვა უნდა შეზღუდოთ და ნიადაგის სიმშრალეს მიაქციოთ ყურადღება. გარდა ამისა, მანდარინის ფოთლებს ყოველდღიურად უნდა შეაშხეფოთ გაფილტრული ან ადუღებული და გაგრილებული სუფთა წყალი ჰაერის სიმშრალის კომპენსირებისთვის. ასევე, შეგიძლიათ მანდარინის გვერდით ოთახის პატარა შადრევანიც დადგათ – იგი ჰაერს დამატებით დაატენიანებს.

7. ხის ზრდასთან ერთად, მანდარინი სულ უფრო დიდ ქოთანში უნდა გადარგოთ. ამის გაკეთება რეკომენდებულია ზამთრის ბოლოს და გაზაფხულის დასაწყისში. უნდა აიღოთ წინაზე 3-5 სმ-ით დიდი დიამეტრის მქონე ქოთანი. გადარგვისას მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ძველი ნიადაგი, რათა მცენარის ფესვთა სისტემა არ დააზიანოთ.

8. გადარგვიდან რამდენიმე კვირაში ხე აქტიური ზრდის ფაზაში გადავა. ასეთი პერიოდები გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე რამდენჯერმე განმეორდება. ამ ფაზაში მანდარინი 1-2 კვირაში ერთხელ უნდა შეასუქოთ მინერალური და ორგანული სასუქებით. შეგიძლიათ, სასუქის სახით გამოიყენოთ დაყენებული ჩაის ფოჩები, რომლებიც ნიადაგში უნდა ჩაფლათ.

საშინაო პირობებში გაზრდილი მანდარინი მხოლოდ 1.5 მეტრამდე აღწევს და წარმოადგენს მინიატურულ ხეს, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მოუხდება უნაყოფოდაც კი. ხოლო როცა მცენარე არომატულ ყვავილებს გამოაჩენს, შემდეგ კი ნაყოფებით დაიხუნძლება, იგი ყურადღების ცენტრში აუცილებლად მოექცევა, ოთახს სილამაზეს მიანიჭებს, ხოლო ჰაერს – სასიამოვნო არომატს.

თქვენ მოგიყვანიათ მანდარინი ქოთანში? როგორ უვლიდით? გაგვიზიარეთ გამოცდილება.