მეცნიერთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ცეკვა სიბერეს ანელებს

1041

სულ უფრო ხშირად შეხვდებით მოცეკვავე ხანში შესულ ხალხს. ერთნი ქორეოგრაფიულ წრეებში სიამოვნებისთვის დადიან, მეორენი – ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, ხოლო სხვები ასეთ ღონისძიებებზე მეგობრებს ეძებენ. აი, გასაოცარი ფაქტი: მოცეკვავე ადამიანებს უფრო საღი გონება და მოქნილი სხეული აქვთ, ინსულტის შემდეგაც კი უფრო სწრაფად რეაბილიტირდებიან. ამან მასარიკის უნივერსიტეტის მეცნიერების დაინტერესება გამოიწვია და მათ ცეკვისა და ახალგაზრდობის ურთიერთკავშირის დადგენა გადაწყვიტეს.

გთავაზობთ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს და მოგიყვებით, თუ რატომ უნდა ცეკვავდეთ მთელი ცხოვრების მანძილზე, მითუმეტეს – 40 წლის შემდეგ.

ცეკვის სარგებელი

უკვე დიდი ხნის წინ დამტკიცდა, რომ ახალგაზრდობის ხანგრძლივობას ჩვენი ტვინი განსაზღვრავს. შესაძლოა, შუა ხნის ასაკში გასაოცრად გამოიყურებოდეთ, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა ექნება, თუ განვითარდა დემენცია, რომელიც უამრავ პრობლემას იწვევს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ცეკვა არამხოლოდ ფიზიკური აქტივობა, არამედ ფსიქოთერაპია და კარგი პროფილაქტიკაა ისეთი დაავადებისათვის, როგორიცაა დემენცია და სხვა, ე.წ. სიბერის დაავადებები.

ცეკვის დროს ჩვენს თავში სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ტვინის აქამდე უმოქმედო მონაკვეთები იღვიძებს. მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროები იწყებს სინქრონულად ფუნქციონირებას. ჩვენ სამყაროს უფრო მკვეთრად და ფართოდ აღვიქვამთ, რამდენადაც ტვინი ყურადღებას აქცევს რიტმს, მუსიკას, აკონტროლებს სხეულსაც.

მასარიკის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა 60 წელს გადაცილებულ იმ ადამიანთა ჯანმრთელობის მაჩვენებლები გამოეკვლია, რომლებიც ადგილობრივ სტუდიებში დადიან საცეკვაოდ. შედეგებმა აჩვენა, რომ ისინი გაცილებით უფრო ჯანმრთელი არიან, სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, მარტივად პოულობენ ლოგიკურ კავშირებს, შესანიშნავად იმახსოვრებენ და აანალიზებენ ინფორმაციას და, საერთო ჯამში, მათი ორგანიზმი გაცილებით უფრო ძლიერი და ახალგაზრდაა, ვიდრე ამავე ასაკის ნაკლებად მოძრავი ადამიანებისა.

შინაგანი ორგანოები მეტ ჟანგბადს იღებს ცეკვის დროს. გარდა ამისა, ასეთი აქტივობისას გამომუშავდება ენდორფინები, რომლებსაც ბედნიერების ჰორმონებსაც უწოდებენ. ადამიანი მომენტალურად იღებს სიხარულის მოზღვავებას, რომელიც მთელი დღის მანძილზე გაჰყვება. მეცნიერებმა ცეკვის შემდეგი დადებითი მხარეები გამოყეს:

  • ცეკვა ავარჯიშებს სხეულის თითქმის ყველა კუნთს და დადებითად მოქმედებს სახსრის ქსოვილზე.
  • ცეკვა ავარჯიშებს სასუნთქ სისტემასაც.
  • სხეულის მოძრაობა სისხლს აჩქარებს, შედეგად, სისხლძარღვები იძენს დამატებით სიმკვრივეს, ქრება სტაგნაცია. ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიაა.

  • რეგულარულად ცეკვა რთული მოძრაობებით აუმჯობესებს ტვინის ცხოველქმედებასა და მეხსიერებას, ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების გაჩენის რისკს.
  • ცეკვა გვეხმარება ემოციების გამოხატვასა და ნეგატიური ენერგიის გამოთავისუფლებაში.
  • რეგულარული ცეკვა წვავს ზედმეტ კალორიებს, რაც წონაში კლებასაც უწყობს ხელს.

  • ცეკვის ზოგიერთი ილეთი დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე: ხსნის ნერვულ დაძაბულობასა და თავის ტკივილებს, არეგულირებს არტერიულ წნევას.
  • პროფესიონალ მოცეკვავეებში პარკინსონის დაავადების გაჩენის რისკი თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

ცეკვა ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს. ტყუილად არ უთქვამთ, რომ მოძრაობა – ცხოვრებაა. ყველაზე ოპტიმალური გრაფიკი საცეკვაოდ – ესაა კვირაში 3-ჯერ, 60-90 წუთით. აუცილებელი არაა სპეციალურ სტუდიებში ვიზიტები, რადგან ცეკვა სახლშიც შეგიძლიათ, საყვარელი მუსიკის ფონზე.