მამაკაცს კრუნჩხვები დაეწყო, თანდათან კი ახლობლების სახელიც დაავიწყდა – ყველაფერი ბამბის ჩხირის გამო

26969

საშიშროება, შესაძლოა, იქაც კი იმალებოდეს, სადაც არ ელით. ასე, ერთი შეხედვით ყველაზე უწყინარი ბამბის ჩხირები მრავალი უბედურების გამომწვევი შეიძლება გახდეს, თუ უსაფრთხოების წესებს არ დაიცავთ.

რატომაა ბამბის ჩხირები საშიში?

პირველ რიგში, ყურში უამრავი ნერვული დაბოლოებაა, ამიტომ, თუ ჩხირებს ძალიან ღრმად შეიდებთ, შესაძლოა, დისკომფორტი და ტკივილიც გამოიწვიოთ. მეორეც, ყურის არხის კანი დაფარულია გოგირდითა და დამცავი ცხიმოვანი ფენებით, ხოლო როცა მათ იწმენდთ, ყურს ინფექციებისგან დაუცველს ტოვებთ, თუ პროცესით ძალიან გაერთობით. მესამე – თუ ყურის ჩხირს ღრმად შეიდებთ, არაა გამორიცხული გოგირდის საცობის წარმოქმნაც, ანუ გოგირდს კი არ გამოიწმენდთ, არამედ უფრო ღრმად შეუშვებთ. ხადახან, მსგავსი შემთხვევების შედეგი არაპროგნოზირებადად საშიში შეიძლება იყოს.

ფრთხილად, ყურის ჩხირები!

31 წლის ინგლისელი მამაკაცი საავადმყოფოში მას შემდეგ მიიყვანეს, რაც გონება დაკარგა. ამის მიზეზი ყურის ინფექცია გახდა, რომელიც, თავის მხრივ, მარცხენა ყურში ჩარჩენილმა ბამბამ გამოიწვია! მისი ინფექციის სიმპტომები იყო კრუნჩხვები და ღებინება, ამის შემდეგ კი დაეწყო მეხსიერების პრობლემები, ავიწყდებოდა სახელები. პაციენტს ნეკროტული გარეგანი ოტიტი განუვითარდა. ხშირად, იგი ასაკოვან ადამიანებში გვხდება, განსაკუთრებით კი დიაბეტიკებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე მოხუცებში. ეს მხოლოდ საშიში ინფექცია კი არაა – იგი ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს.

გარეგანი ოტიტი – გარე სასმენი არხის ანთება ან ინფექცია, ხშირად ემართებად მოცურავეებს, ყურში ჭარბი სისველის გამო. აღსანიშნავია, რომ ბამბის ჩხირებიც ხშირად იწვევს მას, რამდენადაც ჩხირს ყურის არხის დაზიანება შეუძლია.

სრული გამოკვლევების შემდეგ, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მამაკაცის ყურის არხი ანთებული და გამონადენებით სავსე იყო, ასევე, გამოავლინეს აბსცესების(ჩირქოვანი ანთების) კერებიც თავის ქალას შიგნით. ინტენსიური მკურნალობიდან 1 კვირაში მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, კერძოდ, აბსცესები შემცირდა, ხოლო მკურნალობიდან დაახლოებით 10 კვირის შემდეგ, მამაკაცი სრულად გამოჯანმრთელდა.

და ეს ერთადერთი ისტორია არაა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა, აბაზანის მიღების შემდეგ, მამაკაცს ყურში გაეჭედა ყურის ჩხირი, რომელთან ერთადაც კიდევ 2 წელი გაატარა, სანამ არ გაიაზრა, რომ ექიმთან მისვლის დრო იყო. მამაკაცს სმენის პრობლემები დაეწყო მიყენებული დისკომფორტის გამო. ყურის ჩხირების მწარმოებლები დაჟინებით გვირჩევენ, რომ მათი პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ, არა ყურის არხში, რამდენადაც ეს მართლაც საშიშია.

როგორ გავიწმინდოთ ყურები ჩხირების გარეშე?

როგორც არ უნდა იწმენდდეთ ყურებს, გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ გარე ნაწილში შეიძლება და არა ყურის არხში! ყურის ჩხირების ორი ალტერნატიული ვარიანტი:

  1. ნეკა თითი და ხელსახოცი – ფრთხილად დაიხვიეთ ხელსახოცი ან მარლა ნეკა თითზე და მოიშორეთ ყურის გარე ნაწილზე დაგროვილი გოგირდი. უმჯობესია ამის გაკეთება შხაპის მიღების შემდეგ, რამდენადაც თბილი წყალი გოგირდს არბილებს და მარტივად აშორებს.
  2. ყურის გოგირდის მოსაშორებელი წვეთები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება.

თუ ყურებში დისკომფორტს განიცდით, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ უარყოფითი შედეგები. გისურვებთ ჯანმრთელობას!