ორქიდეა მთელი წლის განმავლობაში რომ ყვაოდეს, დაიცავით მოვლის ეს 9 წესი

3205

რაც უფრო კარგად უვლით ორქიდეას, მით უფრო დიდხანს ყვავილობს. ამ მცენარეს თავისი ყვავილობით ჩვენი თვალის გახარება წელიწადში რამდენჯერმე შეუძლია.

ორქიდეა ჩვენთან ტროპიკული სარტყელიდან შემოვიდა, ამიტომ, დღემდე მიწაში კი არა, სპეციალურ სუბსტრატში ხარობს, რომელიც, შემადგენლობით, მისი ბუნებრივი არეალის პირობებს ჰგავს. უყვარს მზე და ტენიანი ჰაერი, ზედმეტად პრეტენზიული არ არის, თუმცა, თავისი უპირატესობები გააჩნია.

დაიცავით მოვლის ეს ცხრა წესი და თქვენი ორქიდეა მთელი წლის განმავლობაში იყვავებს.

როგორ მოვუაროთ ორქიდეას

1. განსაზღვრეთ მცენარის ასაკი

შეძენისას, უნდა გაიგოთ, რამდენი წლისაა მცენარე. ორქიდეა წლინახევრიდან სამ წლამდე ყვავის, სახეობის მიხედვით. ასაყვავებლად მზადმყოფ მცენარეს 5-8 ფოთოლი აქვს. თუ ამაზე ნაკლები ფოთლებია, ესე იგი, ორქიდეა აყვავებისთვის ძალიან პატარაა და არაა საჭირო მისი სტიმულირება.

2. ყურადღება მიაქციეთ ფესვებს

ორქიდეას ზედა, მწვანე წანაზარდები, რომლებიც გარეგნობით ფესვებს მოგაგონებთ, სუბსტრატში არ უნდა იყოს ჩაფლული. ისინი მონაწილეობას იღებენ ფოტოსინთეზში და სწორედ ამიტომ მწვანდებიან, ეს ნორმალურია. თვითონ ფესვებსაც ესაჭიროებათ ჰაერი და სინათლე, ამიტომ უნდა ჩარგოთ მცენარე გამჭვირვალე და არა კერამიკულ ქოთანში, საკმარისი რაოდენობის სადრენაჟო ხვრელებით.

3. არ ცვალოთ ქოთნის მდებარეობა

ორქიდეისთვის განათების უმნიშვნელო ცვლილებაც კი სტრესია. თუ მცენარის სხვაგან გადადება გჭირდებათ, გააკეთეთ ეს აყვავებებს შორის ინტერვალში.

4. იზრუნეთ განათებაზე

განათავსეთ ორქიდეა ბინის მზიან მხარეს, ოღონდ არა მზის პირდაპირი სხივების ქვეშ. ეცადეთ, რომ მცენარის ყოფნის ადგილას ჩრდილი არ წარმოიქმნებოდეს. უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენეთ ფიტოლამპა, რომელიც გამოასხივებს სინათლეს, თუმცა, არ გამოაშრობს ჰაერს ყვავილის ირგვლივ და არ გადაახურებს მას.

5. მორწყეთ სწორად

ყვავილობის დროს – 10-12 დღეში ერთხელ. ამის შემდეგ – თვეში ერთხელ. ბუნებრივ პირობებში, ორქიდეას თესლები იზრდება მშრალ ამინდებში და რამდენიმე კმ-ს მანძილზე ვრცელდება. თუ მცენარეს ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებს შეუქმნით და აყვავებებს შორის პერიოდში იშვიათად მორწყავთ, ის უფრო ხშირად აყვავდება.

6. ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურას

ორქიდეასთვის ტემპერატურის ცვლილებებიც მავნეა. იგი კარგად ყვავის, როცა ღამის ტემპერატურა დღისგან არაუმეტეს 4-6 გრადუსით განსხვავდება. ზაფხულში შეგიძლიათ ყვავილი აივანზე დადგათ, ხოლო ზამთარში – გამათბობელთან ახლოს.

7. არ დაგავიწყდეთ შესუქება

მცენარის უკეთესი განვითარებისა და ყვავილობისთვის აუცილებელია სასუქი. სასურველია კალიუმის ან ფოსფორის სასუქის გამოყენება. ნუ შეიძენთ აზოტის შემცველ კვებას: იგი ანელებს მცენარის ყვევილობის პროცესს.

8. დაიცავით ჰაერის ტენიანობა

მცენარეს არ უყვარს მშრალი ჰაერი, მისი მშობლიური სახლი ხომ ტროპიკული ტყეა. გაუნიავებელ ოთახში მცენარე წყვეტს განვითარებას და ხმება. იმისათვის, რომ საჭირო ტენიანობას მიაღწიოთ, დადგით ყვავილის გვერდით წყლით სავსე ჯამი, ცხელ ამინდებში კი შეაშხეფეთ სითხე. განიავების დროს ეცადეთ, ყვავილი ორპირ ქარში არ მოხვდეს.

9. გადარგეთ

თუ ფესვები სადრენაჟო ხვრელებში შეიზარდა ან გრუნტი მორწყვის შემდეგ ძალიან მალე შრება, ესე იგი, ორქიდეა ახალ სუბსტრატში უნდა გადარგოთ. სასურველია ამის გაკეთება სიმშვიდის პერიოდში(მაშინ, როცა მცენარე არ ყვავის). საკვები ნივთიერებებით მდიდარი სუბსტრატი დაუბრუნებს მცენარეს სიცოცხლეს.

თქვენ როგორ უვლით ორქიდეას საშინაო პირობებში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.