შოკოლადი აკნეს გაჩენაში დამნაშავე არაა. 4 მნიშვნელოვანი ფაქტი კანის შესახებ, რომელსაც დერმატოლოგი გიამბობთ

1416

სილამაზის ინდუსტრიამ „იდეალური კანის“ სტანდარტი დაგვიწესა: გლუვი, თანაბარი ფერი და ბზინვარე. იდეალური კანის მისაღწევად უამრავი საშუალება და საიდუმლო მეთოდი არსებობს. დერმატოლოგი ძირითად საკითხებზე გიამბობთ, რომელიც კანის შესახებ უნდა იცოდეთ და პოპულარულ მითებს დაამსხვრევს.

დღეში 2 ლიტრი წყალი დალიეთ

ეს ტყუილია, წყლის რაოდენობა კანის მდგომარეობაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს. კანში სითხე დერმის შიდა ფენების მეშვეობით სისხლიდან ხვდება. აი, წყალი კანიდან ადვილად ორთქლდება, განსაკუთრებით მშრალ სეზონზე. კანის გამოშრობისგან დამატენიანებელი საშუალებები დაგიცავთ და არა დიდი რაოდენობის წყლის დალევა.

სტრესი კანს არაჯანსაღს ხდის

ეს მართალია. სამეცნიერო კვლევები ამტკიცებს, რომ ზოგიერთი კანის დაავადება დაძაბული ცხოვრებით არის გამოწვეული. შესაძლოა, ამის მიზეზი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი იყო. ამის ნათელი მაგალითია კეროვანი ალოპეცია, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნიტეტი თავად იწვევს თმის ცვენას: ფსორიაზი, რომლის დროსაც კანი სქელდება, იქერცლება და ანთებითი ხდება, და ეგზემა, ქავილის გამომწვევი წითელი ანთება, რომელიც სხვა ალერგიულ რეაქციებთან ერთად ხშირად გვხვდება.

შოკოლადი და ჩიფსი აკნეს იწვევს

ეს მითია! ჩვეულებრივი „მოზარდობის“ გამონაყარი, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება გაჩნდეს, კანის ცხიმზე ჰორმონალური გავლენით არის გამოწვეული. აკნეს გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდი გაწმენდა, როცა იმუნიტეტი დახშული ფორებით და მიკრობებით პასუხობს. დიდი რაოდენობით ცხიმების შემცველი პროდუქტების მიღება ჯანმრთელობისთვის ბევრი მიზეზით საზიანოა, მაგრამ აკნეს არ იწვევს. უფრო მეტიც, აკნე სამკურნალოდ დანიშნული ზოგიერთი აბი ცხიმთან ერთად უფრო ადვილად აითვისება, მათ შორის შოკოლადთან ერთადაც.

ფრჩხილის ფირფიტაზე თეთრი ლაქები = კალციუმის დეფიციტი

ტყუილია. თეთრი ლაქები ფირფიტის დაზიანების შედეგია. თუ მის კუთხეებს უხეშად შეეხეთ, შეიძლება ფრჩხილის ფირფიტა გაიბზარა, სადაც ჰაერის ბუშტი მოხვდა და თეთრი ლაქის სახით დარჩა. კალციუმი ფრჩხილის ჯანმრთელობისთვის (ასევე კბილებისა და ძვლებისთვის) აუცილებელია, მაგრამ ლაქები მის დეფიციტს არ მიუთითებს.

მზე კანისთვის სასარგებლოა

მართალიც არის და ტყუილიც. მზის გამოსხივება სინათლის სხვადასხვა სიგრძის ტალღას მოიცავს: ზოგიერთი ადამიანის თვალხილულია, ზოგი კი (ულტრაიისფერი და ინფრაწითელი) არა. ულტრაიისფერი კანში D ვიტამინის წარმოებისთვის გამოიყენება, რომელიც ძვლების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. თუმცა დერმატოლოგები გირჩევენ, კანზე მზის სხივების მოქმედება შეზღუდოთ. ძალიან ბევრ ულტრაიისფერ სხივს დნმ-ის უჯრედების დაზიანება და სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. ზოგიერთი ექიმი მზისგან დამცავი კრემების გამოყენებას ზამთარშიც გირჩევთ, რომ ნაადრევი სიბერე და ნაოჭები თავიდან აიცილოთ.